„საქართველოს ინტერესი ამ პროექტში ნაკლებად არის. ეს არის სუფთა რუსული პროექტი“,- ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინდოეთი-ირანი-სომხეთის სავაჭრო-სატრანსპორტო მარშრუტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული დერეფნის პროექტზე საუბარი უკვე 20 წელია მიმდინარეობს, თუმცა არაფერი გაკეთებულა.
„ამ დერეფნის შექმნით საუბარია ირანიდან სომხეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვაზე და დაახლოებით 20 წელია რაც ამის განხილვა მიდის სხვადასხვა დონეზე. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში არაფერი გაკეთებულა. ამიტომ, ისმის კითხვა, რატომ ვერ მოხერხდა, თუნდაც სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით ამ დერეფნის ამუშავება.
ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, ალბათ, საკითხი ორ სიბრტყეში უნდა განვიხილოთ. პირველი, ტექნიკურ-ეკონომიკურად რამდენად შესაძლებელია ამ დერეფნის შექმნა და მეორე, პოლიტიკურად რამდენად მომგებიანია საქართველოსთვის ამ დერეფნის ფუნქციონირება“,-აღნიშნა პაატა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ამ დერეფნის პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ფაქტობრივად, განუხორციელებელია.
„თუ ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხით შევხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე რთული უბანი არის ირანიდან სომხეთისკენ მთიან ნაწილზე როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. ამ უბნის 60% ხელოვნურ ნაგებობებზე უნდა გავიდეს, როგორიცაა ხიდები, გვირაბები და სხვა.
ჩინეთს 8-10 წლის წინ, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტირება სურდა ამ პროექტში, მაგრამ ყველა სხვა ქვეყანამ თავი შეიკავა. ეს უფრო რუსეთის ინტერესია, რადგან ირანიდან და ინდოეთიდან ისედაც ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი დერეფნები და ეს მისი მხოლოდ ერთი ნაწილი შეიძლება იყოს. ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, განუხორციელებელი პროექტია“,- განაცხადა მან.
პაატა ცაგარეიშვილის განმარტებით, ამ დერეფნის ფუნქციონირებაში საქართველოს ჩართულობის საჭიროება და ამავდროულად, ეკონომიკური ინტერესი, მიზერულია.
„რაც შეეხება იმას, თუ ეს დერეფანი რამდენად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის, აქ საუბარი იქნება იმაზეც, რომ ფოთის და ბათუმის პორტებიდანაც შეიძლება ტვირთი წავიდეს ირანიდან სომხეთისკენ. საქართველოსთვის დღესდღეობით ირანის ტვირთნაკადის მოზიდვა დიდი სარგებლის მომტანი არ იქნება. პირიქით, ამან შესაძლოა დააკარგვინოს პორტებს ტვირთები.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან წამოსული ტვირთები ირანიდან სომხეთში რომ მოხვდეს, ბენდერ აბასის ნავსადგურიდან უნდა წამოვიდეს და ორმაგი გადატვირთვით, სომხეთში წავიდეს. ამ პროცესში ჩვენი ნავსადგურების გამოყენების საჭიროება მიზერულად მიმაჩნია და პრაქტიკულად, შეიძლება დამაზიანებელიც იყოს ტვირთნაკადების დაკარგვის კუთხით“,- აღნიშნა მან.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ამ დერეფნის შექმნა, ყველაზე მეტად, რუსეთის ინტერესებში შედის.
„საქართველოს ინტერესი ამ პროექტში ნაკლებად არის. ეს არის სუფთა რუსული პროექტი. რუსეთი 2000 წლიდან ავითარებს ჩრდილოეთ და სამხრეთ დერეფანს. რომელთაგან ერთ-ერთი არის აზერბაიჯანი-თურქმენეთი-ირანი-ინდოეთი და ახლა მეორე სურს იყოს ინდოეთი-ირანი-სომხეთი-საქართველო და შემდეგ ჩრდილოეთის მიმართულებები. ამიტომ, ეს ჩვენთვის რის მომცემი შეიძლება იყოს, უფრო საექსპერტო დონეზე არის გასაანალიზებელი, მაგრამ მე, როგორც ტრანსპორტის საკითხების ექსპერტს, ნაკლებად მიმზიდველად მიმაჩნია საქართველოსთვის“,- განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტი ინდოეთიდან და ყურის ქვეყნებიდან ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებში საქონლის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. კერძოდ, ტვირთის მიწოდება ინდოეთის მუმბაის პორტიდან ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩაბაჰარის პორტამდე მოხდება, შემდეგ საავტომობილო ან სარკინიგზო გზით ჯერ სომხეთში, შემდეგ კი საქართველოში გადავა, საიდანაც ბულგარეთის ან საბერძნეთის პორტებში, ანდა რუსეთში საზღვაო პორტების ან ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით შევა.