3 მიზეზი, რამაც რეზერვების ცვლილება გამოიწვია

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 20.2%-ით შემცირდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 13.3%-ით შემცირდა (-627.5 მლნ აშშ დოლარი). ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

„აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში სებ-მა 4 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, სადაც 213.4 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ლარის მხარდასაჭერად.

რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ნოემბერს).

ამასთან, 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 15.4%-ს შეადგენს,“- აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.

თაია არდოტელი