“რუსების მასიური ჩასახლება და რუსული ოლიგარქიის ექსპანსია” - ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით აფხაზურმა ოპოზიციამ ხიდები გადაკეტა

აფხაზური ოპოზიცია აფხაზეთში რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმებას ისევ აქტიურად აპროტესტებს და მის გაუქმებას მოითხოვს. შეთანხმება რუსეთსა და აფხაზურ მხარეს შორის ახლახან გაფორმდა.

დე ფაქტო მთავრობას ხუთი აქტივისტის დაკავებაც მოუწია, რომელთა გათავისუფლების მოთხოვნით ორშაბათს სოხუმში, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, ხოლო სამშაბათს გამთენიისას აქციის მონაწილეებმა სოხუმის თავისუფლების მოედანზე შეკრება დაიწყეს, ასევე, გუმისთისა და კოდორის ხიდები გადაკეტეს.

ოპოზიციური პარტია “აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის” თავმჯდომარე, ასლან ბარციცი აცხადებს, რომ ხუთი აქტივისტი მაშინ დააკავეს, როცა ისინი გუდაუთის რაიონში გამართული შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რომელიც რუსულ-აფხაზურ საინვესტიციო შეთანხმებას ეხებოდა.

დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიამ საგანგებო თათბირი გამართა, სადაც ე.წ. უშიშროების ძალების წარმომადგენლებმა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. დე ფაქტო გენერალური პროკურორი ამბობს, რომ დაკავებული აქტივისტების ახლობლები და ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში უკანონო შეღწევას შეეცადნენ, თუმცა ეს მცდელობა “სამართალდამცავებმა” აღკვეთეს.

ცნობისთვის: რუსეთსა და აფხაზურ მხარეს შორის გაფორმებულ შეთანხმებას მიხედვით, რუსულ კომპანიებს აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი საინვესტიციო პროექტების განხორციელების უფლება ეძლევათ. დოკუმენტი მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს და აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობით დაკავებული იურიდიული პირებისთვის დამხმარე ზომებს ადგენს. კერძოდ, რუსი ოლიგარქები აფხაზეთში ინვესტიციების სანაცვლოდ 25 წლამდე გადასახადისგან თავისუფლდებიან. შეღავათები 2 მლრდ რუბლზე (20,5 მლნ დოლარზე) მეტ ინვესტიციებს ეხება. ამდენად, ხელშეკრულება უცხოურ მსხვილ კაპიტალს შესაძლებლობას აძლევს, უთანასწორო კონკურენციის პირობებში, თითქმის, ნებისმიერ ინდუსტრიაში რეალურად მონოპოლისტი გახდეს.

ამასთან, შეთანხმების ნაწილი მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს, რასაც, ოპოზიციის მტკიცებით, აფხაზეთში რუსების მასიური ჩასახლება მოჰყვება. ოპოზიცია, ასევე, აცხადებს, რომ ხელშეკრულება რუსული “ოლიგარქიის ექსპანსიას,” ანუ მათ მიერ აფხაზური აქტივების ხელში ჩაგდებას გამოიწვევს.

1-ლი სექტემბრიდან მოსკოვმა აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება ამ დოკუმენტის დამტკიცების მოთხოვნით შეაჩერა. შედეგად დოკუმენტს 30 ოქტომბერს, მოსკოვში მოეწერა ხელი, რაც აფხაზეთის დე ფქტო პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. საკითხის განხილვა 15 ნოემბერს იგეგმებოდა, როცა ოპოზიციის აქტივისტები ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვას აპირებდნენ. თუმცა კანონპროექტი მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობის შესახებ ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ორშაბათს განიხილეს. “რია ნოვოსტის” დე ფაქტო პარლამენტის წყარომ განუცხადა, რომ სხდომაზე დოკუმენტი საბოლოო მოსმენით მიიღეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ