2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 5 043 663-ს მიაღწია, რაც 4.5%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს ტურიზმის სექტორი 2019 წელთან შედარებით 84%-ით აღდგა. ამავე დროს, მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, ჯერ კიდევ ჩამორჩებიან 2019 წლის მაჩვენებლებს.
„რაც შეეხება ისრაელს და ახლო აღმოსავლეთს, ძლიერი აღდგენა აჩვენეს და მათმა მაჩვენებლებმა შესაბამისად, 152%-სა და 136%-ს მიაღწია.
აზერბაიჯანი განაგრძობს ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებლის დაფიქსირებას, 14%-ით. შეზღუდული აღდგენის ძირითად მიზეზი აზერბაიჯანის საზღვრის ნაწილობრივ დახურვაა. აზერბაიჯანის მთავრობის დადგენილების მიხედვით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, თუმცა მათი მოხსნის ზუსტი ვადა უცნობია,“- ნათქვამია მიმოხილვაში.