პროკურატურა სახელმწიფო ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე ინფორმაციას გაასაჯაროებს

დაახლოებით ორ კვირაში პროკურატურა სახელმწიფო ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე ინფორმაციას გაასაჯაროებს, - ამის შესახებ პროკურორის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის შეკითხვაზე - იქნება თუ არა უახლოეს მომავალში პროკურატურის მხრიდან ახალ საქმეებზე საუბარი, ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ იქნება როგორც მოძრავი ქონების, ისე უძრავი ქონების იძულების წესით ჩამორთმევის, ჩუქებისა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ გადაფორმების საქმეზე საუბარი. "იყო ასეთი მეთოდი, მიტოვების ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში ქონების გადასვლის. ამ კატეგორიის საქმეებზე იქნება ძალიან მალე კიდევ ერთი ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, "ძალიან მალე" გამოძიებისთვის არის პირობითი ცნება. "გამოძიებისთვის ძალიან მალე არის დაახლოებით ორი კვირა", - განმარტა ნადარეიშვილმა.