გერმანიაში მოქალაქეთა 40% სახლიდან მუშაობს

გერმანიაში, კორონავირუსის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, სახლიდან უფრო მეტი ადამიანი მუშაობს.

ინფორმაციას Deutsche Welle (DW) ბერლინში არსებულ გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (DIW Berlin) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლოკდაუნამდე გამოკითხულთა მხოლოდ 11.1%-ს “კვირაში ერთხელ” მაინც შეეძლო დისტანციურად მუშაობა, ამას “იშვიათად” 13.8% აკეთებდა, ხოლო 75.1%-ს დისტანციურად “არასდროს” უმუშავია. 2022 წლის კორონავირუსული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ 9.8% „ზოგჯერ,“ ხოლო „კვირაში ერთხელ მაინც“ 29.6% მუშაობს სახლიდან. 60.6%-ს დისტანციურად “არასდროს” უმუშავია.

DIW Berlin-ის შეფასებით, ”პანდემიამ გერმანიაში საშინაო ოფისი ყოველდღიური მუშაობის მნიშვნელოვან ნაწილად გადააქცია.”

კვლევამ აჩვენა, რომ სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად დარგებსა და კომპანიის სიდიდეზე არის დამოკიდებული. კერძოდ, დისტანციური მუშაობა უფრო მსხვილი საწარმოებისთვის არის დამახასიათებელი და საშუალო ან მცირე კომპანიებში იშვიათად გამოიყენება.

ყველაზე მეტ რაოდენობას, ანუ, დისტანციურად მომუშავეთა, დაახლოებით, 80%-ს IT-სპეციალისტები და უძრავი ქონების მსხვილი კომპანიების თანამშრომლები, ასევე, ფინანსური სერვისებისა და სახელმწიფო მართვის პერსონალი შეადგენს. კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ ყველაზე მეტად სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა სრულ განაკვეთზე მომუშავე მაღალკვალიფიციურ თანამშრომლებს ეძლევათ. 2019 წელს სახლიდან მუშაობა იმ პროფესიის თანამშრომლების 6.6%-ს შეეძლო, რომელიც უმაღლეს განათლებას მოითხოვს, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 32%-მდე გაიზარდა.

არაოფისური სამუშაოს სურვილი და მოთხოვნილება, ასევე, ოჯახური მდგომარეობის მიხედვით განსხვავდება. ამ შესაძლებლობას განსაკუთრებით ხშირად ბავშვების მყოლი თანამშრომლები იყენებენ.

კვლევის ავტორები წერენ, რომ როგორც სამუშაოთი, ასევე, შემოსავლითა და, ზოგადად, ცხოვრებით სახლიდან მომუშავეები უფრო კმაყოფილი არიან. თუმცა ეს ვარიანტი უფრო ხანგრძლივ სამუშაო საათებს უკავშირდება.

რაც შეეხება დამსაქმებლებს, ისინი პანდემიის შემდეგ გაჩენილ ტენდენციაზე აქტიურად რეაგირებენ. ბოლო წლებში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით ვაკანსიების წილი საგრძნობლად გაიზარდა. ამას ბერტელსმანის ფონდის ბოლო კვლევაც მოწმობს, რომელმაც 2019 წლის იანვრიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, დაახლოებით, 55 მილიონი ონლაინ-ვაკანსია შეაფასა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ