„გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები, კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება,“ - ამის შესახებ განცხადებას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
კერძოდ, მათი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით გაზრდილია ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
„ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობის საყურადღებოდ, მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება.
ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია, კრიზისულად გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით.
აღნიშნულ თემებში, ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან.
მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები.
გთხოვთ გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტრერესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის - თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა.
მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება,“ - ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქ“ გევრდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.