მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შვიდი სოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 7 სოფლის - ჭურჭელაურის, მამადაანის, ლიშოს, ბოდახევას, თეთრაულების, ქვემო არტანის და ზემო არტანის დამაკავშირებელი 12.5 კოლომეტრიანი, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თიანეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებდა ასფალტის ახალი საფარის, ხიდის, მილხიდების, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლებისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

ახლადრეაბილიტირებული შვიდი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ამცირებს მგზავრობის მანძილსა და დროს. პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული გზით ადგილობრივი მოსახლეობა და რეგიონში ჩასული სტუმრები უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას.

საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 9 მილიონი ლარი შეადგინა.