უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ აგვისტოში ჩაშვებული სერვისი, All You Can Fly კიდევ უფრო მეტი მგზავრისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
ავიაკომპანიის აღმასრულებელ დირექტორ იოჟეფ ვარადის ცნობით, პროგრამა მომდევნო კვირებში დამატებით 15,000 მონაწილისთვის გაიხსნება. სწორედ ანალოგიური რაოდენობის ბილეთები გაიყიდა აგვისტოში, პროგრამის ჩაშვებიდან ორ დღეში.
ამასთან, All You Can Fly-ის სქემა ტურისტებს საშუალებას აძლევს, Wizz Air-ის ყველა ხელმისაწვდომ მიმართულებაზე შეუზღუდავი რაოდენობის ფრენისთვის წლიური საშვი 499 ევროდ შეიძინონ. ამ რეისებზე ადგილები გამგზავრებამდე სამი დღით ადრე ხდება ხელმისაწვდომი, ხოლო დაჯავშნისას მგზავრებს ერთ რეისზე მხოლოდ ფიქსირებული 9,99 ევროს გადახდა უწევთ.
Wizz Air-ში ამბობენ, რომ სერვისი მეტად პოპულარული გახდა იმ მგზავრებს შორის, ვინც ბილეთს ბოლო წუთს ჯავშნის და მოგზაურობის იაფ ვარიანტებს ეძებს. ამასთან, სქემა არის სასარგებლო ინსტრუმენტი ადგილების შესავსებად, რომლებიც სხვაგვარად ვაკანტური დარჩებოდა.
All You Can Fly ყველა მიმართულებაზე გახდა პოპულარული, ხოლო მის მონაწილეებს შორის როგორც ტურისტები და ბიზნესმენები, ასევე, მიგრანტი მუშაკები არიან. მას განსაკუთრებით ციფრული მომთაბარეები აფასებენ, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ და თან, თავისუფლად მოგზაურობენ.
ავიაკომპანიაში ამტკიცებენ, რომ სერვისი, All You Can Fly თვითმფრინავის მაქსიმალური დატვირთვის უზრუნველსაყოფად ყველაზე ეფექტური გზაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ