„მგონია, მიზანმიმართული დივერსიაა, რომ საქართველოში კივის კულტურა არ არსებობდეს“ - ასოციაცია გაზრდილ იმპორტზე

ადგილობრივი ბაზრისთვის მთავარი გამოწვევა პროდუქტის უკონტროლო იმპორტი და არათანაბარი ფასებია - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, დემურ ფიფია საქართველოში კივის მზარდ იმპორტს.

ცნობისათვის, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში კივის იმპორტის მაქსიმუმი დაფიქსირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს 1 980 ტონა (1.108 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

როგორც დემურ ფიფია ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი იმპორტით შემოდის, ფასები ადგილობრივზე მაინც დაბალია. მისი თქმით, 90 თეთრად შემოდიოდა შარშან 1 კილოგრამი კივი, ამ დროს კი ადგილობრივი 1.5 ლარი ღირდა.

„ადგილობრივ ბაზარზე იმპორტი გვიშლის ხელს. უკონტროლოდ შემოდის კივი გაცილებით დაბალ ფასად. ძალიან დიდი სხვაობაა ფასებში, კაპიკებში შემოდის და ვერ გავიგე, როგორ ხდება ეს, ან დატვირთვა არ სჭირდება, ან გზის ხარჯები? ყველაზე მეტი კივი ირანიდან შემოდის, აცლიან ეტიკეტს და ყიდიან როგორც ქართულ კივს. არსებობს ვერსიაც, რომ შესაძლოა, ხე-ტყის ბარტერით ხდება კივის ასე იაფად შემოტანა ირანიდან.

არადა, ქართული კივი ირანულისგანაც და ევროპულისგანაც ხარისხით გაცილებით მაღალია. უკვე მგონია, რომ ეს მიზანმიმართული დივერსიაა, რომ საქართველოში კივის კულტურა არ არსებობდეს.

საერთოდ, როცა ქვეყანასთან საბაზრო ურთიერთობა გვაქვს, უნდა შემოდიოდეს კიდეც პროდუქცია, მაგრამ რაც აქ ხდება, წარმოუდგენელია, არ ხდება იდენტიფიცირება, საიდან მოდის, აქვს თუ არა სერთიფიკატი და ა.შ. მთავრობამ წელს მიიღო დადგენილება, რომ დაჯარიმდებიან ის სავაჭრო ობიექტები, რომლებიც არ დააფიქსირებენ, სადაური წარმოშობისაა ესა თუ ის პროდუქტი“, - აღნიშნა დემურ ფიფიამ.

ცნობისათვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში კივის იმპორტი მაქსიმუმი დაფიქსირდა. კერძოდ, მონაცემების თანახმად, 2024-ის საანგარიშო პერიოდში 1 980 ტონა (1.108 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემები 2009 წლიდან ქვეყნდება).

შედარებისთვის, 2023 წლის 9 თვეში ქვეყანამ 1 752 ტონა (881.2 ათასი აშშ დოლარი) კივი იყიდა, 2022 წლის იგივე პერიოდში - 1 509 ტონა (649.9 ათასი აშშ დოლარი), 2021 წლის იანვარ-სექტემბერში - 937 ტონა (429 ათასი აშშ დოლარი) და ა.შ.

მონაცემების მიხედვით, წელს 9-თვიან ჭრილში 1 კგ იმპორტირებული კივის საშუალო ფასი დაახლოებით, 56 ცენტს შეადგენდა, წინა წლის იგივე პერიოდში 50 ცენტს.

რაც შეეხება ქვეყნებს, საინადაც წელს, იანვარ-სექტემბერში პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა, ესენია, ირანი, თურქეთი და ნიდერლანდები.

უფრო კონკრეტულად:

  • ირანი - 1904 ტონა (955.7 ათასი აშშ დოლარი) 1 კგ საშუალოდ - 50 ცენტი
  • თურქეთი - 38.1 ტონა (37.6 ათასი აშშ დოლარი) 1 კგ საშუალოდ - 99 ცენტი
  • ნიდერლანდები - 37.8 ტონა (115.3 ათასი აშშ დოლარი) 1 კგ საშუალოდ - 3 დოლარი
ეკა დარჩიაშვილი