ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად ჩინეთის ერთ-ერთ მთავარი კრიტიკოსი დანიშნა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად კონგრესმენი მაიკ უოლცი გამოაცხადა, რომელიც რესპუბლიკურ პარტიაში პეკინის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსად ითვლება.

გადაწყვეტილების შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, მისი მომავალი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი არის “ექსპერტი ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და გლობალური ტერორიზმის მხრიდან მომავალი საფრთხეების საკითხში”.

„მაიკი ჩემი, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” საგარეო პოლიტიკის პროგრამის მყარი მხარდამჭერი იყო და ძალის მეშვეობით მშვიდობისკენ ჩვენი სწრაფვის დიდი მომხრე იქნება,” - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, მაიკ უოლცი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - ფლორიდის შტატს წარმომადგენს და პირველი “მწვანე ბერეტია” (მსახურობდა ამერიკული არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებში), ვინც ამერიკის კონგრესში იქნა არჩეული. წარმომადგენელთა პალატაში უოლცი ჩინეთის წინააღმდეგობისა და ჩინეთის რესურსებზე დამოკიდებულების შემცირების თემებით არის დაკავებული.