ციტრუსის სეზონის დაწყებიდან აფხაზეთიდან რუსეთში 3,214 ტონა მანდარინი გავიდა

ციტრუსის წლევანდელი სეზონის დაწყებიდან აფხაზეთიდან რუსეთში ექსპორტირებულია 3,214 ტონა მანდარინი.

ამის შესახებ დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებში წერია, რასაც “აფსნიპრესი” ავრცელებს.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტზე 2,324 ტონა მანდარინი გავიდა.

ამასთან, წელს რუსეთში 873,213 კგ. ფეიხოა გავიდა, მაშინ, როცა 2023 წლის ანალოგიური პერიოდისთვის აფხაზეთიდან 358,495 კგ. ფეიხოა იქნა ექსპორტირებული.

ხურმის ექსპორტმა 164,586 კგ შეადგინა, რაც 2023 წლის 71,373 კგ-იან მაჩვენებელზე ორჯერ მეტად გაიზარდა.

ასევე, ორჯერ გაიზარდა ლიმონის ექსპორტი, რომელმაც, 2023 წლის 38,665 კგ-თან შედარებით, 79 446 კგ შეადგინა.

აფხაზეთში წელს ციტრუსის სეზონი, წინა წელთან შედარებით, ადრე, ოქტომბრიდან დაიწყო.

ცნობისთვის: საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში 11 ათას ჰექტარზე 120 ათას ტონამდე ციტრუსი მოდიოდა, ამჟამად კი მხოლოდ 2,900 ჰექტრამდე ფართობი არის გაშენებული, საიდანაც საუკეთესო მოსავლიანობის წლებში, მაქსიმუმ, 50-52 ათასი ტონა მოსავალი მოდის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ