იტალიის მთავრობამ და გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ ეროვნულ გადამზიდავ ITA Airways-ის აქციათა მინორიტარული პაკეტის გაყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
იტალიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, შეთავაზებული ხელშეკრულების ეკონომიკური პირობები უცვლელი რჩება.
მხარეებს შორის კომპლექსური მოლაპარაკებები შეთანხმების ფასსა და პირობებზე მიმდინარეობდა, რომელიც სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის საკითხებში ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს
გასულ კვირას იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Lufthansa-ს 325 მლნ ევროს ღირებულების 49%-იანი წილის შესყიდვაზე 10 მლნ ევროს ფასდაკლება სურდა, თუმცა იტალიის მთავრობამ ეს მოთხოვნა უარყო.
Lufthansa-მ ავიაკომპანია ITA-ს 41%-იანი წილი 2023 წლის მაისში ანალოგიურ ფასად, 325 მლნ ევროდ, საშუალოვადიან პერიოდში 100%-მდე გაზრდის უფლებით შეისყიდა.
ITA-ს მიერ წილის გაყიდვა იტალიური გადამზიდავის გადარჩენის გეგმის ნაწილია, რომელიც კორონავირუსულ 2020 წელს, Alitalia-ს გაკოტრების შემდეგ შეიქმნა.
თუ გარიგება შედგა, ITA Airways ჯგუფ Lufthansa-ში შემავალი მეექვსე ავიაკომპანია გახდება. ჯგუფში უკვე შედის ავსტრიის ნაციონალური ავიაკომპანია Austrian Airlines, შვეიცარიული Swiss, ბელგიის Brussels Airlines და გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Eurowings.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ