პოლიციელებს და ჯარისკაცებს ხელფასი 45%-ით, საჯარო მოხელეებს 30%-ით გაეზარდათ - ვის შეეხება ცვლილება 2025 წლიდან

პოლიციელებს და ჯარისკაცებს ხელფასი 3 წელიწადში 45%-ით, ხოლო საჯარო მოხელეების - 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის რედაქტირებად ვარიანტშია აღნიშნული.


„ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების ზრდა ბოლო 3 წლიან პერიოდში განხორციელდა 45%-ით. გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა, 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება. ბოლო 3 წლიან პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 30%-ზე მეტით გაიზარდა.


განათლების და მეცნიერების მიმართულებით (საბავშვო ბაღების დაფინანსების ჩათვლით) დაფინანსება გაზრდილია 1 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით (ჯამურად გაზრდილი ბიუჯეტის 20%) და 2024 წელს ამ სფეროს დაფინანსება 3 მილიარდ 300 მილიონ ლარს გადააჭარბებს (ზრდა 65%-ზე მეტით). გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი გახდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 300 ლარით ზრდამ“- ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

ამასთან, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის პროექტით:


  • 2025 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.6 მლრდ ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ჯარისკაცების ხელფასის 10%-იანი ზრდა;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.350 მლრდ ლარი და აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა.
  • 2025 წლის პროექტით საბაზო თანამდებობრივი სარგო 2024 წელთან შედარებით იზრდება 10%-ით და განისაზღვრება 1 460 ლარის ოდენობით, რაც უზრუნველყოფს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას ასევე 10%-ის ოდენობით.

ცნობისთვის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება.


თაია არდოტელი