სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ჰელსინკის მთავარ არენას ჩამოართმევენ

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერებისთვის, გენადი ტიმჩენკოსთვის და რომან როტენბერგისთვის სპორტულ-გასართობ კომპლექს Helsinki Hall-ის კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ფინეთის უდიდესი სტადიონი 2022 წლიდან ტიმჩენკოსა და როტენბერგის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გამო დაკეტილია. გასულ წელს ჰელსინკის ხელისუფლებამ გააფრთხილა კომპანიები, რომლის მეშვეობითაც რუსი მილიარდერები არენას ფლობენ, რომ ისინი ექსპროპრიაციას დაექვემდებარებიან, თუ ქონების გაყიდვაზე ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან.

11 ნოემბერს ჰელსინკის საკრებულომ განაცხადა, რომ ექსპროპრიაცია აუცილებელია შენობის განადგურების თავიდან ასაცილებლად, ასევე, ფინეთის რეპუტაციის დასაცავად, რომელიც დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძლობის უუნარობის გამო შესაძლოა, დაზარალდეს.

ექსპროპრიაციის პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება და ეროვნული მთავრობის ნებართვასაც მოითხოვს. ამის მიუხედავად, ექსპროპრიაციის ნებართვაზე განაცხადის წარდგენა, სავარაუდოდ, ნოემბერში ან დეკემბერში მოხდება. საკრებულოს ცნობით, ჰელსინკს, ასევე, მფლობელებისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ჰელსინკის მერის მოადგილე, პაავო არჰინმაკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მერია არენის სამუდამოდ ფლობას არ გეგმავს და მას ექსპლუატაციაში დააბრუნებს, რის შემდეგაც ახალ მფლობელებზე გაიყიდება.

მანამდე რამდენიმე კერძო პირი ერთ წელზე მეტია, წარუმატებლად ცდილობდა არენა რუსი მფლობელებისგან შეეძინა. The Insider-ის ინფორმაციით, მსგავსი ბოლო მცდელობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაფიქსირდა, თუმცა რუსულმა მხარემ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

ფინელი ჟურნალისტების ვერსიით, ტიმჩენკოს და როტენბერგს არენის გაყიდვის მოტივაცია არ აქვთ, რადგან სანქციების გამო ფულის მიღებას ვერ შეძლებენ, ხოლო ექსპროპრიაციის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავენ და პროცესს გააჭიანურებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ