„დღეში 120-140 ლარი აქვთ ხელფასი, მაგრამ არ ჰყოფნით - ძალიან გვიჭირს ხალხის შენარჩუნება“

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“ დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სადისტრიბუციო მანქანების ჯარიმების გარდა, პრობლემაა ხელფასებიც და თანამშრომლების შენარჩუნების საკითხიც. მალხაზ დოლიძის თქმით, არასწორი პარკირების გამო, პურის ქარხნებს 25-30 ათას ლარიანი ჯარიმა მიუვიდათ, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ პურის თვითღირებულებაზე აისახება.

რაც შეეხება კადრების საკითხს, დოლიძე აღნიშნავს, რომ სექტორში თანამშრომელთა შენარჩუნება ჭირს.

„კიდევ ერთი გამოწვევაა ხელფასები. დარგი 3-ცვლიანია და ძალიან გვიჭირს ხალხის დაკავება ადგილებზე. ბევრი უცხოეთში წავიდა. თვეში დაახლოებით, 10-12 დღე მუშაობენ, ხელფასი კი დღეში 120-140 ლარი აქვთ, მაგრამ არ ჰყოფნით და ესეც გამოწვევაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პურზე ფასმა არ აიწიოს,“ - განაცხადა დოლიძემ.

მან ასევე ყაზახური ფქვილის იმპორტის შესაძლებლობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ბაზარი რუსული ფქვილის ალტერნატივად აქტიურად განიხილება.

„ბოლო წლებში ხორბლის 3-თვიანი მარაგი არის მუდმივი ციფრი და გარანტი იმისა, რომ არ გვქონდეს პურის მარაგებზე თავის ტკივილი. წლევანდელი წელი ხორბლის მოსავლიანობით რეკორდული იყო, დაახლოებით 200 ათასი ტონა მოვიდა. რაც შეეხება უცხოეთიდან შემოსულ ფქვილს, რუსეთის გარდა წელს ყაზახეთშიც დიდი მოსავალი იყო, თუმცა იქიდან ლოგისტიკის პრობლემებია და შემოტანა უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ ეს რუსეთიდან შემოტანილი ფქვილის ალტერნატივაა და ის აქტიურად განიხილება. თვითონ ყაზახეთიც დაინტერესებულია, აქტიურად განახორციელოს თავისი ხორბლის რეალიზაცია,“ - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ეკა დარჩიაშვილი