„იურისტისგან ვიცი, რომ ნამდვილად არსებობს სამართლებრივი მექანიზმი ამაზე რეაგირებისთვის და ამ მექანიზმის გამოყენება, ფაქტია, რომ არ ხდება“,- ამის შესახებ „ხის კოტეჯები მესტიაში“-ს დამფუძნებელმა ელენე გოგუამ „ბიზნესპრესნიუსთან“ კრიპტომაინინგების გამო ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წელს უკვე ორ კვირაზე მეტია, მესტიის ნაწილს დღის განმავლობაში დენი საათობით არ აქვს.
„ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა მესტიაში წლებია დგას, რაც ყოველწლიურად იჩენს თავს განსაკუთრებით შემოდგომაზე, აცივებისთანავე. წელს უკვე ორ კვირაზე მეტია მესტიის ერთ ნაწილს დღისით ელექტროენერგია 13:00 საათიდან დაახლოებით 20:00 საათამდე არ მიეწოდება. მიზეზი ყველასთვის კარგად ცნობილია. კრიპტომაინინგების გამო, მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესები უგულებელყოფილია.
გათბობის სხვა საშუალება არ არსებობს. გაზი არ გვაქვს და ელექტროგამათბობლებსაც ვერ ვრთავთ -15, -20 გრადუსში. მოსახლეობის ნაწილი პროტესტს სულ გამოთქვამს. მე პირადად აქტიურად მივმართავ ხოლმე პრობლემებზე მუნიციპალიტეტის მმართველობას. თუმცა, ადამიანების ნაწილი, თითქოს შეგუებულია ამ ვითარებას. ჰგონიათ, რომ ნორმალურია თუ მაღალმთიან რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაა“, - აღნიშნა ელენე გოგუამ.
როგორც მან განმარტა, პრობლემა სასტუმროებს დეკემბერში ყველაზე მეტად აზიანებს, როცა დამსვენებლებს უშუქობის მიზეზთან დაკავშირებით ვერაფერს პასუხობენ.
„ჩემი კოტეჯები საბაგიროსთან ახლოსაა და ჩემთან საბაგიროს ხაზის დამსახურებით, ელექტროენერგია უწყვეტად არის. თუმცა, პრობლემა მწვავეა მესტიაჭალის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ მონაკვეთზე და ცენტრში. ჩემი სახლი ცენტრში მდებარეობს და ელექტროენერგია ხშირად არ არის. მარჯვენა სანაპიროს ნაწილში დენი როგორც წესი, არის.
დეკემბერში განსაკუთრებით აწევს ეს პრობლემა ტვირთად სასტუმროებს, რომლებსაც ტურისტები ჰყავთ ახალი წლის პერიოდში და უშუქობაზე პასუხი არ აქვთ. შარშან 25 დეკემბრიდან ახალი წლის დღის ჩათვლით არ იყო დენი“,- განმარტა ელენე გოგუამ.
მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ცნობილია, ვინ ამუშავებს კრიპტომაინიგებს, თუმცა ამაზე რეაგირება არ ხდება.
„ამ დროს ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ხომ ძალიან ადვილია იმის გარკვევა, სად არის გაყვანილი მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის ხაზი და ვინ ქმნის ამ პრობლემას. იურისტისგან ვიცი, რომ ნამდვილად არსებობს სამართლებრივი მექანიზმი ამაზე რეაგირებისთვის და ამ მექანიზმის გამოყენება, ფაქტია, რომ არ ხდება“,- აღნიშნა ელენე გოგუამ.