მესტიაში ელექტროენერგიის პრობლემას გამრიცხველიანება და გადასახადის გადახდა მოაგვარებს - პაატა ცინცაძე

„მესტიაში პრობლემა გადაწყდება იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მიწოდება იქნება ფასიანი და ელექტროენერგიის აღრიცხვა იქნება მოწესრიგებული“,- ამის შესახებ ენერგეტიკის ექსპერტმა პაატა ცინცაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, 1990-იან წლებში, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა თბილისშიც იყო, რაც გამრიცხველიანებამ მოაგვარა. მოქალაქეებმა გადასახადის გადახდა დაიწყეს და მოხმარებაც შემცირდა.

„თბილისში თავის დროზე 2,5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის მოხმარება ხდებოდა მაშინ, როცა მიწოდება უკონტროლო იყო. როგორც კი დადგა მრიცხველები, დენის მიტაცება შეწყდა და მოხმარება შემცირდა. ახლა დედაქალაქში 1,7 მლრდ კვტ/სთ ნაწილდება. ფაქტობრივად, 800 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოთავისუფლდა.

მესტიაში მოსახლეობა დენის გადასახადს არ იხდის. ისეთ ვითარებაში, სადაც მოხმარება განუსაზღვრელია, ამას რომელი ტრანსფორმატორი გაუძლებს. ამიტომ „ენერგო პრო ჯორჯიამ“ უნდა გაამრიცხველიანოს მესტია და ხალხმა დაიწყოს გადასახადის გადახდა. როგორც კი ეს მოხდება, მოხმარება შემცირდება და ქსელიც გაუძლებს დატვირთვას“, - აღნიშნა პაატა ცინცაძემ.

ნათია ზარიძე