გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პერიოდულად საწვავის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როდის ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ბენზინგასამართსა და ნავთობბაზაზე სინჯების აღება და რა დარღვევები დადგინდა.
ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბენზინისა და დიზელის ხარისხის შემოწმება ბოლოს თებერვალში განხორციელდა, ჯამში კი მხოლოდ 3 სადგურის სინჯები შემოწმდა.
უფრო კონკრეტულად, ბენზინის ხარისხი შემდეგ ავტოგასამართ სადგურებზე შემოწმდა: შპს „მ.ჯ ოილ“-ი (თბილისის შემოვლითი გზა), შპს „ნიუოილი“ (გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალსოფელი) და შპს „ნოდო ოილი“ (გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი მუკუზანი). უწყების ცნობით, ბენზინის ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლენილა.
ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილ სადგურებზე შემოწმდა დიზელის ხარისხიც. ჯამში ჩატარდა 4 ობიექტის შემოწმება, მათგან ორი ობიექტი „ნოდო ოილს“ ეკუთვნოდა.
გამოვლენილი დარღვევები ასე გამოყურება:
„ნოდო ოილის“ ორივე ობიექტზე დიზელის სინჯებში გამოვლინდა გოგირდის შემცველობის ჭარბი რაოდენობა. ერთ შემთხვევაში ჯარიმამ შეადგინა 64 577 ლარი (სიტყვიერი შენიშვნა), ხოლო მეორე შემთხვევაში 114 243 ლარი (შეწყდა საქმისწარმოება).
ამასთან, დეპარტამენტში განგვიცხადეს, რომ ნავთობბაზებსა და ნავთობსაცავებიდან ბენზინის საწვავის სინჯების შემოწმება ბოლოს აპრილში განხორციელდა. კერძოდ, ჯამში შემოწმდა 3 ბაზის 11 სინჯი, საიდანაც მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგინდა დარღვევა.
უფრო კონკრეტულად, დეპარტამენტის ცნობით, შპს „მანი“-ში აღებულ სინჯში ოქტანური რიცხვი არ შეესაბამებოდა პრემიუმის მარკას, რის გამოც კომპანია 508 040 ლარით დაჯარიმდა.