„ერთ-ერთ ქსელში ყოველწლიურად 15-20 მლნ ლარის საკვები იყრება - ეს ჭარბი სურსათი მოსახლეობაზე გადანაწილდება“

„საქართველოში, ერთ-ერთი ქსელში ყოველწლიურად საშუალოდ 15-20 მლნ ლარის პროდუქცია იყრება,“ - ამის შესახებ „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა ჯუბა მარუაშვილმა მედიაცენტრ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული სურსათის მესამედი იყრება და ეს არამარტო საქართველოს, მსოფლიოს პრობლემაა. ჩვენც მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქვეყანაში სურსათის დანაკარგი უნდა შემცირდეს და ამისგან სარგებელი ადამიანებმა ნახონ. აქტიურად დავიწყეთ კერძო სექტორთან თანამშრომლობა იქ, სადაც ჭარბი სურსათი წარმოიქმნება. მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო სურსათის დონაციის საშუალება. არსებული საგადასახადო კოდექსით, აღნიშნული პროდუქცია იბეგრებოდა დღგ-თი. დავიწყეთ მექანიზმების შემუშავებაზე ფიქრი, რამდენად შეიძლებოდა ბარიერის მოხსნა ამ შეწირულობაზე. ამიტომ, კანონის მიხედვით გაუქმდა დღგ და მოგების გადასახადი,“ - განაცხადა მარუაშვილმა.

რაც შეეხება სურსათის ბანკის ფუნქციონირებას, ჯუბა მარუაშვილის თქმით, სურსათის მოგროვება თბილისში მოხდება და შემდეგ ის წყალტუბოში განაწილდება.

„ამოქმედდება სურსათის ბანკი, რომელიც გულისხმობს სურსათის უფასო გადანაწილებას. ეს არის სასაწყობე სივრცე, რომელსაც აქვს ვალდებულება, ისევე განათავსოს სურსათი, როგორც ეს სურსათის ბიზნეს-ოპერატორს მოეთხოვება. ახლა ლოგისტიკური ნაწილის მოსამზადებელი ეტაპზე ვართ, სურსათის ბანკის ერთი ცენტრი იქნება თბილისში, მეორე - წყალტუბოში. თბილისში იქნება შემგროვებელი ცენტრი, საიდანაც სურსათი გადანაწილდება წყალტუბოში.

საპილოტე რეჟიმი ჩვეულებრივად იფუნქციონირებს, ეყოლება ბენეფიციარები და ამავდროულად ჩვენ დავაკვირდებით, რა დამატებით ფუნქციები სჭირდება ამ სისტემას, რომ მან გამართულად იმუშაოს. აღსანიშნავია, რომ პროცესში აქტიურადაა ჩართული ევროპის სურსათის ბანკების ასოციაცია,“ - აღნიშნა მან.

მისი თქმით, გაკეთდება ერთი კალათა საკვების ბოქსი და ბენეფიციარი, მას შემდეგ, რაც მიმართავს ბანკს და გაივლის რეგისტრაციას, მიიღებს საკვებს.

„ვფიქრობ, სურსათის ბანკში პროდუქციის აკუმულირება არ უნდა გაჭირდეს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ერთ-ერთ ქსელში წლიურად 15-20 მლნ ლარის საკვები იყრება. სწორედ მსგავსი მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ ჩიხში არ შევალთ. სხვა საკითხია, რა კატეგორიის პროდუქტი მოიყრის თავს, მაგრამ ჯერ საპილოტე რეჟიმი ამოქმედდება და ბევრ რამეს უნდა დავაკვირდეთ,“ - განაცხადა მარუაშვილმა.

როგორც მან დააკონკრეტა, სურსათის მიღებას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, მაგრამ უპირატესობა სოციალურად დაუცველებს მიენიჭებათ.

„კანონით სურსათის მიღება არავის აეკრძალება, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება სარგებლობა, მაგრამ პრიორიტეტი მიენიჭება სოციალურად დაუცველ კატეგორიას, რომელთა იდენტიფიცირება სიებით მოხდება,“ - განაცხადა მან.

სურსათის ბანკი საქართველოში 2025 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ამოქმედდება.

ეკა დარჩიაშვილი