კიევმა სასაქონლო ნიშნად ვერ დაარეგისტრირა პოპულარული გამოთქმა “Русский военный корабль, иди на х…” (Russian warship, go fuck yourself), რომელიც რუსეთთან ომის პირველივე დღეებიდან აგრესორთან ბრძოლაში უკრაინელების სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ეს ფრაზა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისს (EUIPO) შორის კამათის საგნად იქცა. სასაზღვრო სამსახურს სურდა, სასაქონლო ნიშნად დაერეგისტრირებინა მისი თანამშრომლის რომან გრიბოვის ფრაზა, რომლითაც მან 2022 წლის 24 თებერვალს ზმეინის კუნძულზე თავდასხმის დროს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან კრეისერ “მოსკვას” დანებების მოთხოვნის საპასუხოდ მიმართა. ეს ფრაზა სწრაფად იქცა ინტერნეტ-მემად და მედიაში, ხელოვნებაში, კულტურასა და საჯარო ღონისძიებებზე აქტიურად გამოიყენებოდა.
ამ ფრაზის მატარებელი კომერციული პროდუქტები და მისი ვარიაციები სხვადასხვა ბაზარზე იყიდება. უკრაინული მხარის განცხადებით, მისი ავტორობა კიევს უნდა ეკუთვნოდეს, რომ ამ სასაქონლო ნიშანზე პრეტენზია არავის ჰქონდეს და მისგან მოგება ვერავინ მიიღოს.
თუმცა, 2023 წლის ბოლოს EUIPO-მ მიიჩნია, რომ სლოგანი სასაქონლო ნიშნის პატენტის მოპოვების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. უწყების პოზიციას ევროპის საერთო იურისდიქციის სასამართლომ მხარი დაუჭირა. მან დაადგინა, რომ ფრაზა, რომლის დაპატენტებასაც კიევი რუსულ და ინგლისურ ენებზე ცდილობს, “კომერციული წარმოშობის მითითებად არ აღიქმება.”
უკრაინის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის იუსტიციის სასამართლომ ლუქსემბურგში უკვე საბოლოო გადაწყვეტილება გამოსცა. სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია, გამოთქმა - “Русский военный корабль, иди на х…” მეტად სწრაფად გახდა უკრაინის ბრძოლის სიმბოლო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თუმცა სასაქონლო ნიშნის არსებით ფუნქციას ვერ შეასრულებს, თუ საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი მას საქონლის ან მომსახურების წარმოშობის მითითებად კი არა, პოლიტიკურ გზავნილად აღიქვამს”.
უკრაინის სასაზღვრო დაცვის სამსახურის პრეს-მდივანი, ანდრეი დემჩენკო აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მეტად სამწუხაროა, მაგრამ უკრაინა აღასრულებს კანონს, რომლითაც ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი და ევროპული სასამართლოები ხელმძღვანელობენ. სასაზღვრო სამსახური, ასევე, იმედოვნებს, რომ ევროპული სტრუქტურები ამ გამონათქვამით სხვა ნებისმიერ რეგისტრაციას არ დაუშვებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ