გერმანელი ქალები ბერლინის მეტროში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სულ უფრო ხშირად ხდებიან, რის გამოც შესაძლოა, ქალი მგზავრებისთვის ცალკე ვაგონები აამოქმედონ. ინფორმაციას Bild ავრცელებს.
ინიციატივა ბერლინის სენატში ექსპერტმა ტრანსპორტის საკითხებში და მწვანეთა პარტიის პრეს-მდივანმა ანტე კაპეკმა დაარეგისტრირა, რომელიც მოდელად იაპონური გამოცდილების გაზიარებას ითხოვს.
ბოლო შემთხვევა თებერვალში მოხდა, როცა ბერლინის მეტროს U3-ის ხაზზე, კრუმე-ლანკესკენ მიმავალ მატარებელში შუაღამის შემდეგ 33 წლის მამაკაცმა 63 წლის ქალი გააუპატიურა, რის შემდეგაც ვაგონიდან მშვიდად გამოვიდა და გზა ავტობუსით განაგრძო.
პროექტის მიხედვით, ბერლინის მეტროში ავარიული დინამიკებითა და პლატფორმებზე ვიდეოთვალთვალით სპეციალურად გამოყოფილი ზონები შეიქმნება. ასევე, ცალკეული ვაგონებით არაპიკურ საათებში მხოლოდ ქალები იმგზავრებენ. ეს ვაგონები, ტოკიოს მეტროს მსგავსად, მძღოლის სალონის უკან ან მატარებლის ბოლოში განთავსდება, თუ იქაც მეორე მძღოლის სალონია.
ამჟამად ყველა მეტროსადგურზე უსაფრთხოების ცენტრ BVG-თან დაკავშირება უკვე შესაძლებელია. ასევე, ყველა სატრანსპორტო საშუალება განგაშის სპეციალური ღილაკით არის აღჭურვილი, რომელიც მგზავრს მძღოლთან აკავშირებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ