როდესაც ექიმი ხვდება რომ დაგეგმარებაში დაშვებულია შეცდომა, არის ხოლმე გადაწერილი სამედიცინო ისტორიები, გაყალბების ელემენტებით - იურისტი

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს ჯანდაცვის რეფორმები, გაჩნდა ახალი სამედიცინო დაწესებულებები, შედარებით მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი კლინიკები, სამწუხაროდ, ისევ გამოწვევად რჩება არასათანადო მკურნალობა“,- ამის შესახებ საადვოკატო ბიურო „OK & CG" -ს ხელმძღვანელმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის შეცდომების განხილვა სამართლის სამივე ფორმაშია შესაძლებელი. ექიმის ან კლინიკის შეცდომა ვლინდება ხოლმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ.

„არასათანადო მკურნალობის მიზეზი ხშირად პროფესიული შეცდომა ან უყურადღებობაა, რაც ზოგჯერ ფატალურადაც სრულდება.„ასეთი საკითხების განხილვა შესაძლებელია ამ ფორმატში. ესენია: სისხლის სამართლებრივი წესით, ადმინისტრაციული სამართლებრივი წესით და სამოქალაქო სამართლებრივი წესით.ბუნებრივია ამის წინაპირობა ხდება ის, რომ სამედიცინო მომსახურებაში გამოვლინდება შეცდომა.

შეცდომა არ არის იმთავითვე გასაგები. მან თავი უნდა იჩინოს სხვადასხვა მდგომარეობაში, მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან გვერდითი მოვლენები. აქაც ორად იყოფა შეცდომები, ეს არის შეცდომა დაგეგმარებაში და შეცდომა აღსრულებაში.აღსრულებაში შეცდომა ნიშნავს, რომ ექიმის მიერ სწორად იყო დაგეგმილი ოპერაცია, მკურნალობა თუ მეთოდოლოგია და ვერ აღსრულდა სწორად. ამ დროს ხდება ის, რომ სამედიცინო რგოლის რომელიმე წარმომადგენელმა სწორად ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა.დაგეგმარებაში შეცდომა კი ნიშნავს, რომ ექიმმა ან კლინიკამ არასწორად დაგეგმა ოპერაცია, არ მიუდგა საქმეს სათანადოდ, რის გამოც, ბუნებრივია, ის ვერ აღსრულდებოდა შესაბამის დონეზე“,- განმარტა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

იურისტის ინფორმაციით, როდესაც ექიმი ხვდება რომ შეცდომაა დაშვებული, ადგილი აქვს ხოლმე სამედიცინო ისტორიების გადაწერას და გაყალბების ელემენტებს.

„ბუნებრივია, რომ ადამიანებს არ აქვთ იმის კომპეტენცია, რომ წამიერად მიხვდეს ამას და ეს ჩანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ. არის შემთხვევები, როდესაც სამედიცინო ისტორია გადაწერილია, ინფორმაცია ისე არ ფიქსირდება, როგორც საჭიროა. ამას ახლავს ხოლმე გაყალბებით ელემენტები, როდესაც ექიმი ხვდება რომ დაგეგმარებაში დაშვებულია შეცდომები.

თუმცა, მიუხედავად დროის გარკვეული მონაკვეთის გასვლისა, შესაძლებელია კავშირის დადგენა ექიმის მიერ დაშვებულ შეცდომასა და დამდგარ შედეგს შორის“,- აღნიშნა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

ნათია ზარიძე