გვინდა რომ იყოს სტაბილურობა და თანამშრომლები არ გარბოდნენ სხვა ქვეყანაში - რესტორატორი

„პერიოდიდან გამომდინარე, ტურისტი შემცირებულია ყველგან, მათ შორის თბილისსა და ბათუმში,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ სექტორი სეზონიდან გამომდინარე დაბალი დატვირთულობის პერიოდში გადავიდა.

„პერიოდიდან გამომდინარე შევედით დაბალ სეზონში. ჯერ გუდაურის და ბაკურიანის სეზონი არ დაწყებულა, ზღვის სეზონი დასრულდა და შუალედური პერიოდია ახლა. ტურისტი ძალიან შემცირებულია ყველგან, მათ შორის თბილისსა და ბათუმშიც. ეს არ ეხება იმ ქართველ მომხმარებელს, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ჩვეულებრივი რეჟიმით იღებს სარესტორნო მომსახურებას. ჯერ-ჯერობით სეზონურობაზე მერყეობას ვუყურებთ და ამაში გასაკვირი არაფერია,“ - აღნიშნა მან.

გაბრიჩიძესთან ვისაუბრეთ მომდევნო თვეების მოლოდინებზეც. როგორც მან აღნიშნა, მოლოდინებზე საუბარი რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ საქმიანობა დაკავშირებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ქვეყანაში მდგომარეობა.

„ძალიან გვინდა, რომ ყველაფერი იყოს სტაბილურად, არ გვინდა რომ ქვეყანა დასანქცირდეს, გვინდა რომ იყოს ქვეყანაში ტურისტი და გვინდა რომ დოლარისა და ევროს კურსი იყოს სტაბილური, მიგრაცია არ იყოს და თანამშრომლები არ გარბოდნენ სხვა ქვეყანაში. ზოგადად, ბიზნესს ახასიათებს მძიმე და მდორედ მიმდინარე სიტუაციის ინტერესი ყოველგვარი აფეთქებების გარეშე.

მოლოდინებზე წინასწარ ვერ გესაუბრებით, რთული სათქმელია. არჩევნები ჩავატარეთ, არჩევნები იყო ამერიკაშიც, ტრამპის არჩევასაც კი ზეგავლენა ჰქონდა ყველაფერზე ისე დაპატარავდა დედამიწა. სად არის ტრამპი და სად ჩვენ, მაგრამ ჩვენზე ზეგავლენას ესეც კი ახდენს. ექსცესები არ გვინდა რომ იყოს და მგონი არ ჩანს ჯერ-ჯერობით“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

მერი ტაბატაძე