„შეღავათები მარტო სვანეთში არ მოქმედებს, მაგრამ მაინინგთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ იქ არის,“ - ასე გამოეხმაურა „ჯეოქეისის“ უფროსი მკვლევარი ლიანა ჯერვალიძე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უკანონო კრიპტომაინინგთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.
„მაღალმთიანი ზონების შეღავათები მარტო სვანეთში არ მოქმედებს, მაგრამ მაინინგთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ იქ არის. ენგურჰესი არის იქ და პირდაპირ ხაიში-ჭუბერის ხაზით გაედინება ელექტროენერგია, ენგური კი ყველაზე იაფ ელექტროენერგიას აწარმოებს. მე კითხვა მიჩნდება, არის თუ არა ეს მხოლოდ მოსახლეობის პრობლემა და ხომ არ არიან ამ საქმეში კომერციული ერთეულებიც ჩართული?,“ - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ მესტიის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ კატასტროფულად გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარების გამო, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით, ელექტროენერგია იყო გათიშული. აღსანიშნავია, რომ მესტიის მერია ელექტროენერგის მოხმარების ზრდას უკანონო კრიპტომაინინგის გააქტიურებას უკავშირებს. მერიამ მოსახლეობას ე.წ. ბიტკოინის აპარატების გამორთვისკენ მოუწოდა.