მძიმე ტვირთის აწევისა და ტრანსპორტირების ნიდერლანდურმა კომპანია Mammoet-მა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ამწის, SK6000-ის ტესტირება წარმატებით დაასრულა.
ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე ვრცელდება.
ტესტირება კლასიფიკაციის საზოგადოების, Lloyd's Register-ის ზედამხედველობით ჩატარდა, რა დროსაც დადასტურდა, რომ ამწე ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მუშაობს და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს უზრუნველყოფს. ამწემ ნომინალურიდან 125%-მდე დატვირთვას გაუძლო.
SK6000-ის მაქსიმალურმა დატვირთვამ 520,000 ტონა შეადგინა, რაც, წინა რეკორდსმენ ამწე SK350-თან შედარებით, ერთნახევარჯერ მეტია. ტვირთის აწევის მინიმალური სიმაღლე 127 მ, მაქსიმალური კი 171 მეტრია.
SK6000 ენერგეტიკის, მათ შრის, ქარის ენერგიისა და ბირთვული სექტორის კლიენტებს საშუალებას მისცემს, მოდულური ტექნოლოგიის გამოყენებით უფრო მასშტაბური პროექტები ააშენონ.
შემდეგი ეტაპი პირველ საპროექტო ადგილზე ამწის ტრანსპორტირებაა, რაც 2025 წელს მოხდება.
ცნობისთვის: კომპანია Mammoet, რაც ჰოლანდიურად “მამონტს” ნიშნავს, წყალსა და ხმელეთზე მძიმე და მოცულობითი ტვირთის აწევა-ტრანსპორტირების მომსახურებაზე არის სპეციალიზებული. კომპანიის ყველაზე ცნობილ პროექტებს შორის არის 2001 წელს ჩაძირული რუსული წყალქვეშა ნავის, “კურსკის” ამოღების ოპერაცია და 2016 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის თავზე ობიექტ “საფარი-2”-ის (“Shelter-2”) დამონტაჟება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Mammoet-მა რუსეთში ყველა ახალი სამუშაო და ინვესტიცია გაყინა, ხოლო 2023 წლის თებერვალში მოსკოვისგან ნებართვა მიიღო, აგრესორ ქვეყანაში თავისი ბიზნესი ჩინურ კომპანია Ashburn Offshore Engineering-ზე გაეყიდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ