სად არის საქართველოს გადამცემი ქსელის პრობლემური მონაკვეთები

საქართველოს გადამცემი ქსელის სისტემათაშორისი კავშირის ხაზები ძირითადად დაურეზერვებელია და მათი გამორთვა ქმნის ავარიის რისკს“,- ამის შესახებ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან (2024-2034) გეგმაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, „ბოლო წლებში ენერგოსისტემის მოხმარების კვალდაკვალ მკვეთრად გაიზარდა ქვესადგურების პიკური დატვირთვა“.

„გადამცემი ქსელი განლაგებულია ძირითადად ჰორიზონტალურად ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთ ნაწილისაკენ. ამასთან, გენერაციის დიდი ნაწილი განთავსებულია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში (დასავლეთით ჰესების დადგმული სიმძლავრე შეადგენს 2510 მგვტ-ს), ხოლო მოხმარების დიდი წილი მოდის აღმოსავლეთ ნაწილზე (თბილისი-რუსთავის კვანძი). ეს დისბალანსი განსაკუთრებით შეიმჩნევა გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე. ამ პერიოდისათვის საქართველოს მდინარეები წყალუხვობით ხასიათდება და, როდესაც აღმოსავლეთით(გარდაბანში) განლაგებული თბობლოკები არ მუშაობს, სიმძლავრის გადადინება ხდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.

სისტემის დასავლეთ ნაწილში (ენგური-ზესტაფონის 500/220 კვ ძაბვის მაგისტრალი)ყველაზე დიდი პრობლემა იქმნება 500 კვ ძაბვის ეგხ „იმერეთის” გამორთვის შემთხვევაში,რადგან 220 კვ ძაბვის მაგისტრალი ვერ უზრუნველყოფს მთლიანი სიმძლავრის გადაცემას.

საქართველოს გადამცემი ქსელის სისტემათაშორისი კავშირის ხაზები ძირითადად დაურეზერვებელია და მათი გამორთვა ქმნის ავარიის რისკს. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, არსებობს რამდენიმე 220 კვ ჩიხური ხაზი, რომელთა გამორთვა აგრეთვე წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს სისტემის მდგრადობისთვის.

ბოლო წლებში ენერგოსისტემის მოხმარების კვალდაკვალ მკვეთრად გაიზარდა ქვესადგურების პიკური დატვირთვა*, განსაკუთრებით თბილისის და ბათუმის კვანძებში. ზოგიერთ ქვესადგურში ვერ სრულდება N-1 პირობა, ანუ ერთი ავტოტრანსფორმატორის გამორთვის შედეგად საჭირო იქნება მომხმარებლების შეზღუდვა“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

საქართველოს გადამცემი ქსელის სუსტ/პრობლემურ ადგილებად შემდეგი მონაკვეთები სახელდება:

სისტემათაშორისი კავშირის დაურეზერვებელი ელექტროგადამცემი ხაზები:

  • 500 კვ ეგხ კავკასიონი;
  • 220 კვ ეგხ ალავერდი;
  • 400 კვ ეგხ მესხეთი;
  • 220 კვ ეგხ აჭარა.

დასავლეთ საქართველოს რადიალური/არაეფექტურად დარეზერვებული ქსელი:

  • 500 კვ ეგხ იმერეთი;
  • 500 კვ ეგხ ზეკარი;

ბათუმის მკვებავი ქსელი:

  • 220 კვ ეგხ პალიასტომი 1,2

შიდა ქართლის არაეფექტურად დარეზერვებული 220 კვ ქსელი:

  • სურამი;
  • ურბნისი;
  • ლიახვი;
  • არაგვი.

220 კვ “ჩიხური” ელექტროგადამცემი ხაზები:

  • 220 კვ ეგხ კოლხიდა 3;
  • 220 კვ ეგხ დერჩი;
  • 220 კვ ეგხ ლომისი;
  • 220 კვ ეგხ მანავი;
  • 220 კვ ეგხ ფარავანი;
  • 500 კვ ეგხ სნო (ქსანი-დარიალჰესი)

ნათია ზარიძე