დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაციას გეგმავს.
აღნიშნულ პროცესს აფხაზეთში ხმაური და დაპირისპირება ახლავს. ადგილობრივი ოპოზიცია ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვის პარალელურად აქციის გამართვას გეგმავს.
საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა ხუთი დაკავებულიდან სამის საქმე დაიხურა.
12 ნოემბერს, გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც „უშიშროების ძალების“ ხელმძღვანელებმა „უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, „რესპუბლიკაში ვითარება ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა“.
„აფხაზეთის ხელისუფლება მუშაობს მაგისტრალების იმ მონაკვეთების განბლოკვაზე, რომლებიც ოპოზიციონერებმა გადაკეტეს“, - განაცხადა ბჟანიამ.