კრიპტოვალუტის გლობალური ბაზრის კაპიტალიზაციამ 3 ტრლნ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მიზეზად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება სახელდება, რამაც გააძლიერა მოლოდინი, რომ უფრო სუსტმა ამერიკულმა რეგულაციებმა შესაძლოა, ამ კლასის აქტივების ახალი ბუმი გამოიწვიოს.
CoinGecko-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანმა მოცულობამ პიკს ანუ, დაახლოებით, 3.2 ტრლნ დოლარს მიაღწია.
ხუთშაბათს, თბილისის დროით 11:35 საათისთვის ბიტკოინის ფასი 1.34%-ით გაიზარდა და 89 828 დოლარი შეადგინა, ხოლო Ethereum-ს ღირებულებამ 1.24%-ით, 3 193 დოლარამდე მოიმატა.
ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი თავის საარჩევნო რიტორიკაში კრიპტობიზნესს მხარს უჭერდა. მეტიც, მაისში ტრამპის გუნდმა კამპანიის შემოწირულობების მიღება ოფიციალურად კრიპტოვალუტაში დაიწყო.
ბიტკოინი, ასევე, ტრამპის პიარკამპანიის ნაწილი გახდა. კერძოდ, სექტემბერში „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერმა ტელეარხმა FOX Business-მა გადაიღო სიუჟეტი, რომელშიც ტრამპი მომხრეებს ბურგერებით უმასპინძლდება, ხოლო საფასურს კრიპტოვალუტით იხდის.
ამასთან, 31 ოქტომბერს ტრამპმა ბიტკოინის მომხმარებლებს ტექნოდოკუმენტის გამოქვეყნების 16 წლის იუბილე მიულოცა, რომელიც კრიპტოვალუტის კონცეფციას აღწერს. ასევე, კრიპტოვალუტების შესახებ ერთ-ერთი უძველესი ონლაინ გამოცემა Bitcoin Magazine-ის მფლობელი და მთავარი რედაქტორი დევიდ ბეილი ტრამპის კონსულტანტია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ