ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია „საინვესტიციო ხელშეკრულების“ განხილვის გადადებას აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოითხოვს

ოპოზიციური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარე ადგურ არძინბა რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხის გადადებას მომავალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოითხოვს, რომელიც აფხაზეთში გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს. მიმართვა არძინბას Telegram-არხზე გამოქვეყნდა.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს, გადადოს ყველა აქტუალური საკითხი, რაც ხალხს ყოფს და საზოგადოებას აღელვებს,“ - წერს არძინბა.

ამასთან, „აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“ დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს მიმართავს, „სიბრძნე და თავშეკავება გამოიჩინონ.“

ხუთშაბათს საღამოს ე.წ. დეპუტატებს ხელშეკრულების რატიფიცირების გადადებისკენ ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმაც მოუწოდა, რათა „შეთანხმება მაქსიმალურად თანაბარი და ურთიერთსასარგებლო პირობებით დამუშავდეს“. მარშანის თქმით, „მომავალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც სამ თვეზე მეტი დარჩა, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობამ მშვიდ და სტაბილურ გარემოში უნდა ჩაატაროს.“

დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განიხილოს. ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსა და აფხაზეთის მოსახლეობას აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა, რადგან შეთანხმებას „ეკონომიკური სუვერენიტეტის საზიანოდ“ მიიჩნევს.

ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს, ხოლო სამთავრობო შენობების კომპლექსის დაცვა ღამიდან გაძლიერებულია.

ცნობისთვის, რუსეთსა და აფხაზურ მხარეს შორის გაფორმებულ შეთანხმებას მიხედვით, რუსულ კომპანიებს აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი საინვესტიციო პროექტების განხორციელების უფლება ეძლევათ. დოკუმენტი მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს და ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობით დაკავებული იურიდიული პირებისთვის დამხმარე ზომებს ადგენს. კერძოდ, რუსი ოლიგარქები აფხაზეთში ინვესტიციების სანაცვლოდ 25 წლამდე გადასახადისგან თავისუფლდებიან. შეღავათები 2 მლრდ რუბლზე (20,5 მლნ დოლარზე) მეტ ინვესტიციებს ეხება. ამდენად, ხელშეკრულება უცხოურ მსხვილ კაპიტალს შესაძლებლობას აძლევს, უთანასწორო კონკურენციის პირობებში, თითქმის, ნებისმიერ ინდუსტრიაში რეალურად მონოპოლისტი გახდეს.

ამასთან, შეთანხმების ნაწილი მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს, რასაც, ოპოზიციის მტკიცებით, აფხაზეთში რუსების მასიური ჩასახლება მოჰყვება. ოპოზიცია, ასევე, აცხადებს, რომ ხელშეკრულება რუსული “ოლიგარქიის ექსპანსიას,” ანუ მათ მიერ აფხაზური აქტივების ხელში ჩაგდებას გამოიწვევს.

1-ლი სექტემბრიდან მოსკოვმა აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება ამ დოკუმენტის დამტკიცების მოთხოვნით შეაჩერა. შედეგად დოკუმენტს 30 ოქტომბერს, მოსკოვში მოეწერა ხელი, რაც აფხაზეთის დე ფქტო პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ