მდიდარი ქალები, რომლებმაც ბიზნესი ნულიდან დაიწყეს

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes აშშ-ის 50 ყველაზე წარმატებული ქალბატონის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც მსხვილი ბიზნესი ნულიდან წამოიწყეს.

ელიზაბეთ ჰოლმსი

”ფორბსის” რეიტინგში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს ფარმაცევტული კომპანია Theranos-ის თანადამფუძნებელი, 31 წლის ელიზაბეთ ჰოლმსი, რომლის ქონებაც 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ელიზაბეთ ჰოლმსმა ათ წელიწადში სისხლის ტესტირების სტუდენტური პროექტის მსოფლიოში ტექნოლოგიურად ყველაზე უფრო მოწინავე ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკურ კომპანიად გარდაქმნა შეძლო. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2003 წლის შემოდგომაზე სტენფორდის უნივერსიტეტის მეორეკურსელი ელიზაბეთი თავისი პედაგოგის, ქიმიური ინჟინერიის პროფესორის, ჩანინგ რობერტსონის კაბინეტში შექანდა და ზღუბლიდანვე შესთავაზა: "მოდი, კომპანია შევქმნათ!" იმ დროისთვის რობერტსონს უკვე უნივერსიტეტში მუშაობის 30-წილიანი გამოცდილება ჰქონდა და ამ ხნის განმავლობაში მის ხელში არაერთ ფხიან სტუდენტსაც გაევლო, მაგრამ ჰოლმსი მათ შორისაც გამორჩეული იყო. "მანამდე არასდროს შემხვედრია სტუდენტი, რომელსაც ტექნიკური პრობლემებისადმი ამდენი ახალი მიდგომის მოძებნა შეეძლო", - იხსენებდა შემდგომ რობერტსონი ჟურნალ Fortune-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბიონსე

რეიტინგში ასევე მოხვდა ამერიკელი მუსიკოსი და პროდიუსერი ბიონსე, რომლის ქონებაც 250 მილიონ დოლარს შეადგენს. გასულ წელს 33 წლის მომღერლის შემოსავალმა 500 მილიონი დოლარი შეადგინა. 2014 წელი ბიონსეს კარიერაში ერთ-ერთი წარმატებული იყო - გარდა იმისა, რომ მან გამოუშვა თავისი ბოლო ალბომი Beyonce, წარმატებით დაასრულა მსოფლიო ტურნე Mrs. Carter Show World Tour.

მარისა მეიერი

მართალია, Yahoo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარისა მეიერმა ქონების დიდი ნაწილი Google-ში 13-წლიანი მუშაობის შედეგად დააგროვა, თუმცა გასულ წელს 40 წლის მეიერი აშშ-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად ტოპ-მენეჯერად დასახელდა. მისი წლიური ანაზღაურება შარშან 69%-ით 42 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საერთო ჯამში, მარისა მეიერის ქონება 380 მილიონ დოლარს შეადგენს.

სარა ბლეიკლი

15 წლის წინ, როდესაც 29 წლის სარა ბლეიკლმა 5 ათასი დოლარის სასტარტო კაპიტალით საკუთარი ბინის ერთი ოთახი ახალდაფუძნებული კომპანიის ოფისად აქცია, ვერც კი იფიქრებდა, რომ ერთ დღეს მილიარდერი გახდებოდა. ელასტიური კოლგოტებისა და ქალის თეთრეულის მწარმოებელი ფირმის Spanx-ის დამფუძნებლის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შერილ სენდბერგი

მილიარდერი შერილ სენდბერგი, რომელიც ”ფეისბუქის” ოპერაციული დირექტორია, კომპანიის გაყიდვებზე, მარკეტინგზე, ბიზნესის განვითარებასა და კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი. გასულ წელს შერილ სენდბერგმა ბესტსელერი ”არ შეგეშინდეს მოქმედების” გამოსცა, რომლის გამოსვლის შემდეგად კომპანია Sony Pictures-მა წიგნის ეკრანიზაცია გადაწყვიტა. შერილ სენდბერგის ქონება ”ფორბსის” ბოლო მონაცემებით, 1,07 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ტორი ბერჩი

თითქმის 10 წლის წინ, ყოფილი ჟურნალისტი ტორი ბერჩი ოპრა უინფრის შოუში გამოჩნდა, სადაც უინფრიმ მას მოდის აღმოჩენა უწოდა. იმ პერიოდში ტორი ბერჩს მხოლოდ ერთი მაღაზია ჰქონდა, სადაც თავისი დიზაინით შექმნილ ტანსაცმელს ჰყიდდა. ამ ხნის განმავლობაში ბერძის ბიზნესი საკმაოდ გაიზარდა და დღეს მისი კომპანიის ღირებულება 3 მილიარდ დოლარად ფასდება. საყოველთაო აღიარება კი ტორი ბერჩს ე.წ. ”ბალეტკებმა”, სახელწოდების Reva მოუტანა, რომლის ერთი წყვილი 200 დოლარი ღირს. ამერიკელი დიზაინერის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჯინ სუკ ჩანგი

1981 წელს სამხრეთკორეელი წყვილი დო უონი და ჯინ სუკ ჩანგი სამშობლოდან აშშ-ი გადაბარგდნენ საცხოვრებლად. ბევრი ემიგრანტის მსგავსად, სხვა ქვეყანაში თავის დამკვიდრება მათაც გაუჭირდათ. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ცოლ-ქმარმა ტანსაცმლის პირველი მაღაზია გახსნა ლოს ანჯელესში. პირველ წელს მაღაზიის მოგებამ 700 ათასი დოლარი შეადგინა, რამაც სამხრეთკორეელ წყვილს რამდენიმე ახალი მაღაზიის გახსნის საშუალება მისცა. მოგვიანებით კი, მაღაზიის პირვანდელი სახელწოდება Fashion 21 Forever 21-ად გარდაიქმნა, რომელიც ამერიკის მასშტაბით 680 მაღაზიას აერთიანებს. ”ფორბსის” მონაცემებით, კომპანიის მოგებამ 2014 წელს 4,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.