ბალტიისპირეთის სამ დედაქალაქს შორის ახალი ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი აშენდება

ახალი ჩქაროსნული სარკინიგზო მარშრუტი Rail Baltica, რომლის სიგრძე, დაახლოებით, 870 კილომეტრია, ბალტიისპირეთის სამ დედაქალაქს, ტალინს (ესტონეთი), რიგასა (ლატვია) და ვილნიუსს (ლიეტუვა) ერთმანეთთან დააკავშირებს. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

რომელ ქალაქებს გაივლის ახალი ჩქაროსნული სარკინიგზო მარშრუტი

მარშრუტი, ასევე, ისეთ დიდ ქალაქებს გაივლის, როგორიც მუუგა (ესტონეთი), სალასპილსი (ლატვია) და კაუნასია (ლიეტუვა). ის მოიცავს აეროპორტებსაც, მათ შორის, რიგის აეროპორტსა და სხვა საზღვაო პორტებს.

ცნობილია, რომ ესტონური ტერმინალის გახსნა 2028 წლის თებერვალში იგეგმება.

მატარებლები საათში 250 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებენ, რაც ამჟამინდელ 80-120 კმ/სთ სიჩქარეზე ბევრად მეტია.

სამომავლოდ მარშრუტის სხვა მიმართულებებზე გაფართოებაც იგეგმება, როგორიც პოლონეთი და გერმანიაა. კერძოდ, ჩქაროსნული მატარებლები ტალინიდან ვარშავამდე და ტალინიდან ვილნიუსამდე დღეში, დაახლოებით, ოთხჯერ იმოძრავებენ, ხოლო ყველაზე გრძელ მარშრუტს 6:47 სთ-მდე დასჭირდება.

ამასთან, ვილნიუსი-კაუნასი-ვარშავის ხაზზე დღეში ათი მატარებელი იმოძრავებს რამდენიმე ღამის მარშრუტით, რომელთა შორისაც ტალინი-რიგა-კაუნასი-ვარშავა-ბერლინის რეისიც იქნება.

ბილეთები მარშრუტის სიგრძის მიხედვით 11-დან 76 ევრომდე ეღირება.

ახალი სარკინიგზო ხაზის ღირებულება 15.3 მლრდ ევროდ არის შეფასებული, რაც 2017 წელს პროგნოზირებულ თანხაზე, ანუ 5.8 მლრდ ევროზე სამჯერ მეტია და შესაძლოა, კიდევ უფრო - 24.8 მლრდ ევრომდე გაიზარდოს. ხარჯი ინფლაციის, კორონავირუსის პანდემიისა და უკრაინის ომის გამო იზრდება. თუმცა. ახალი მარშრუტიდან ეკონომიკური სარგებელი, სავარაუდოდ, 48 მლრდ ევროს შეადგენს.

ცნობისთვის, პროექტის დიდ ნაწილს ევროკავშირი აფინანსებს.

პირველი ეტაპი ერთი ხაზის ამოქმედებას მოიცავს, რომლის გახსნაც 2030 წლისთვის იგეგმება. მეორე ეტაპი მეორე ხაზისა და დამატებითი სარკინიგზო სადგურების გახსნას ითვალისწინებს. მეორე ფაზის დასრულების დადასტურებული თარიღი დადგენილი არ არის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ