„ერთ ხრიკს გასწავლით… რადიატორი ფარდის უკან არ უნდა მოჰყვეს“ - როგორ გავთბეთ ზამთარში ეკონომიურად?

აცივდა, დადგა სეზონი, როდესაც შინ გათბობის სისტემის ჩართვას ვგეგმავთ,­ ან ეს-ესაა ჩავრთეთ.

როგორ გავთბეთ ზამთარში ეკონომიურად?

"კვირის პალიტრის" კითხვებს­ უპასუხებს ენერგოეფექტურობის სპეციალისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ნანი მეფარიშვილი:­

- გათბობის სისტემას თავისი მონტაჟის წესი აქვს. როდესაც რადიატორს ყიდულობთ, ყუთზევე არის დატანილი ინფორმაცია, თუ რამდენი სანტიმეტრით უნდა იყოს კედლისგან დაშორებული, რათა ნახევარი სითბო კედელში არ გავიდეს.

- ბევრისგან მსმენია, მე და მეზობელს ერთი და იმავე ფართობის ბინაში გათბობის სისტემა გვაქვს და ჩემი კომუნალური გადასახადი რატომღაც ყოველთვის მეტიაო. გამოდის, დამნაშავე შესაძლოა არასწორად დაყენებული გათბობის სისტემა იყოს.

- შეიძლება ორ ოჯახს ერთნაირი ფართობის ბინა ჰქონდეს, მაგრამ ვინც კუთხის ბინაში ცხოვრობს, მას მეტი თბოდანახარჯი ექნება, თაღის თავზე ცხოვრებაც ხარჯიანია, ბოლო სართულისა და მიშენებულფართობიანი მობინადრეებისაც. ბევრად ენერგოეფექტურია შუა ბინა, მით უმეტეს, თუ მეზობლებიც ათბობენ ყველა მხრიდან სახლს.

ამასთან, რადიატორი ფარდის უკან არ უნდა მოჰყვეს, თორემ ბევრი სითბო დარჩება ფარდის უკან, რაც კედელში ადვილად გადის და.... ერთ ხრიკს გასწავლით - საცხობი კილიტა, იგივე ფოლგა, რადიატორის ზომაზე უნდა გამოვჭრათ და მის უკან გავაკრათ, პრიალა ზედაპირი რადიატორის, დაბურული კი კედლის მხარეს უნდა იყოს. დამიჯერეთ, ხარჯის მინიმუმ 10%-ს მაინც დაგიზოგავთ, იმიტომ, რომ არ აძლევს სითბოს კედელში გასვლის საშუალებას.

- რა ტემპერატურა ითვლება შენობაში ნორმად?

- საცხოვრებელი შენობებისათვის, მისაღებ ოთახში კომფორტის ტემპერატურად 22 გრადუსი ითვლება. ეს მაშინ, როდესაც ადამიანი შინ არის. საძინებელში არ არის საჭირო 22 გრადუსი, საკმარისია 18-19-იც. საზოგადოებრივ შენობებში კომფორტის ტემპერატურად ითვლება 22 გრადუსი. რაც შეეხება საოფისე სამსახურებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს იქ 20 გრადუსია, იმიტომ, რომ უფრო მაღალ ტემპერატურაზე ადამიანები ცოტა დუნდებიან.

განაგრძეთ კითხვა