„არ შეიძლება 60 წლის წინანდელი ელმავლებით ტვირთის გადაზიდვა და 60 წლის წინანდელი პულტებით გადაზიდვების ორგანიზება,“ - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„არ შეიძლება 60 წლის წინანდელი ელმავლებით ტვირთის გადაზიდვა და 60 წლის წინანდელი პულტებით გადაზიდვების ორგანიზება. 13 ათასი მოსამსახურე რკინიგზას დღეს არ ესაჭიროება, ამიტომ ამ მტკივნეული საკითხის გადაწყვეტაც უნდა მოხდეს, რადგან 5-6 ათასი ადამიანი თავისუფლად შეასრულებს იმ საქმეს, რაც დღეს არის გასაკეთებელი. საქართველოს რკინიგზა სატრანსპორტო დერეფნის ხერხემალია და სწორედ მასზე უნდა მოხდეს ტვირთების გენერირება, მაგრამ ინვესტიციებზე რომ ვთქვათ, ბოლო 5-6 წლის მანძილზე საქართველო არის BB დონეზე, რაც ნიშნავს სანაგვე ბონდების დონეს.
შედარებისთვის, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი 3 საფეხურით მაღლა დგას ამ საინვესტიციო მიმზიდველობით. სარკინიგზო რეიტინგი დიდი ხანია შემცირებულია, ამიტომ ინვესტორი ამ მიმართულებით არ მოდის,“ - აღნიშნა პაატა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის პრობლემები მოგვარდეს, აუცილებელია შემდეგი რეფორმების გატარება: რეფორმების გატარება საქართველოს რკინიგზისა და საავტომობილო გადაზიდვებში; აუცილებელია, საზღვაო პორტებში ჩატვირთვის, გადმოტვირთვის და საბორნე ტარიფები იყოს კონკურენტუნარიანი; ინვესტიციების მოზიდვა, რათა მოხდეს საქართველოს რკინიგზის გადაიარაღება.