გიორგი კვირიკაშვილი - სანერვიულოა, რომ საბერძნეთში დასაქმებულმა ქართველებმა არ დაკარგონ სამუშაო ადგილები

საბერძნეთში ბანკების დროებითი დახურვა საქართველოში ფულად გზავნილებზე გავლენას ვერ მოახდენს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ ვითარება საბერძნეთში ნორმალურად განვითარდება, ერთკვირიანი შეფერხება საქართველოში გადმორიცხულ თანხებზე ნაკლებად აისახება.

"თავად ფულადი გზავნილების პრაქტიკა ისეთია, რომ თვეში ერთხელ ან სამ თვეში ერთხელ ხდება გადმორიცხვა, ამიტომ 5 დღით და ერთი კვირით ბანკების დახურვამ პრინციპში მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ უნდა იქონიოს, თუ რა თქმა უნდა შემდგომში მოვლენები ნორმალურად განვითარდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა. ამასთან მინისტრის თქმით, სანერვიულოა ის საკითხიც, რომ საბერძნეთში დასაქმებულმა ქართველებმა არ დაკარგონ სამუშაო ადგილები.

"სიტუაცია უფრო იმ კუთხით მაღელვებს, რაც სამუშაო ადგილებს შეეხება. ყველაზე მეტად სანერვიულო ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ შეინარჩუნებენ თუ არა სამუშაო ადგილებს. ფულის გამონახვის საშუალების მონახვა უფრო მარტივია, ვიდრე სამუშაოს შენარჩუნება."- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა საბერძნეთიდან შემოსულ ფულად გზავნილების საერთო სტატისტიკასა და ბოლო მონაცემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იანვარ-მაისში საქართველოში საბერძნეთიდან შემოსულმა წმინდა ფულადმა გზავნილებმა დაახლოებით 18 % ით დაიკლო.

"იანვარ-მაისში საქართველოში საბერძნეთიდან შემოსულმა წმინდა ფულადმა გზავნილებმა დაახლოებით 18 %-ით დაიკლო. ჩვენ საბერძნეთიდან უკვე 5 თვის განმავლობაში დაგვაკლდა დაახლოებით 15-16 მილიონი დოლარი. მაისის პერიოდში კი დანაკლისი დაახლოებით ორ-სამ მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გვაქვს. ეს პრინციპში მთლიან ბალანსში არ არის დიდი რიცხვი, რადგან საქართველოს მთავრობა ბევრ ზომებს იღებს მათ შორის პრივატიზაციის კუთხით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.