მიმდინარე წლის ოქტომბერში ხაჭაპურის თითქმის ყველა ინგრედიენტი, გარდა კვერცხისა, გაძვირდა. ISET-ის კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში წლიურად 1.5%-ით შემცირდა კვერცხის ფასი.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში წლიურად 21.8%-ით გაძვირდა საფუარი, 16.4%-ით - კარაქი, 13.2%-ით - რძე, 8.6%-ით რძე, ხოლო ფქვილის ფასი 4.6%-ით არის გაზრდილი.
"ინგრედიენტების უმეტესობისთვის ფასები თვიურ ჭრილშიც გაიზარდა, ამ შემთხვევაში გამონაკლისს რძე წარმოადგენს, რომლის ფასიც 1.9%-ით შემცირდა. თუმცა რძის მიწოდების სეზონური შემცირების გამო, მოსალოდნელია ყველისა და რძის – ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტების – ფასების შემდგომი ზრდა მომდევნო თვეებში", - აღნიშნულია ISET-ის კვლევაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც ერთ თვეში ფასების 2%-იან ზრდაზე, ხოლო წლიურ ჭრილში 8%-იან გაძვირებაზე მიუთითებს.
ცნობისთვის, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის კვარტალში რძის წარმოებამ 171.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.2%-ით ნაკლებია.