„სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ლოგიკური იყო რეზერვების ხარჯვა, თუმცა, იდეალურ სამყაროში ეროვნული ბანკი არ უნდა არსებობდეს“

არსებულ რეალობაში, ეროვნული ბანკი სწორად მოიქცა, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ბოლო დროს სავალუტო რეზერვების შემცირების საკითხს და ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას ლოგიკური უწოდა.

როგორც მან რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნა, უმჯობესი იქნებოდა, მულტისავალუტო რეჟიმი იყოს და ეროვნული ბანკი არ არსებობდეს, მაგრამ ამ რეალობაში, მისი თქმით, სებ-ი სწორედ მოიქცა, რადგან რეზერვების ფუნქცია სწორედ ეგ არის.

„იდეალურ სამყაროში ეროვნული ბანკი არ უნდა არსებობდეს და მულტისავალუტო რეჟიმი უნდა გვქონდეს, მაგრამ რაც ევალება ეროვნულ ბანკს და რისთვისაც აქვს რეზერვები, არის ეგ, რომ ინტერვენციები მოახდინოს. სხვა გამოსავალი მას უბრალოდ არ ჰქონდა. სხვა საკითხია მიზეზები, რის გამო მოხდა ეს, მაგრამ ის, რომ როცა საჭიროა, ამ გზას უნდა მიმართოს, ფაქტია. სწორი იყო თუ არა არ ვამბობ, მაგრამ ლოგიკური გადაწყვეტილება იყო,“ - განაცხადა ეკონომისტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი რეზერვების მოცულობა 4.085 მლრდ დოლარს შეადგენს, ამაზე ნაკლები მოცულობის რეზერვი ქვეყანას ბოლოს 2022 წლის ნოემბერში ჰქონდა - 4.636 მლრდ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 627 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, რაც ერთთვიან ინტერვალში რეკორდული მაჩვენებელია. (სექტემბერი - 3.635 მლრდ დოლარი, ოქტომბერი - 2.994 მლრდ დოლარი). მთლიანად კი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვებიც მოცულობა 1.671 მლრდ დოლარით შემცირდა (2023 წლის ოქტომბერი - 4.665 მლრდ დოლარი).

ეკა დარჩიაშვილი