კლიმატური ცვლილებები გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობა და შესაბამისად, წარმოებაზე. Our world in data-მ მოამზადა სტატიას იმაზე, თუ როგორ აისახა კლიმატური ცვლილებები მოსავლიანობაზე და როგორი შესაძლოა იყოს ეფექტი სამომავლოდ. განხილულია სამი ძირითადი მიმართულება, რაც გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე.
კლიმატის ცვლილებებზე გავლენას ახდენს CO2, თუმცა მის მაღალი დონის ფონზე ზოგიერთი მარცვლეულის მოსავლიანობა იზრდება. მაგალითად, ხორბლისა და ბრინჯის კულტურების მოსავალი ნახშირბადის მაღალი დონის ფონზე მნიშვნელოვან სარგებელს ნახულობს, ეს კი მაშინ როცა დადებითი ეფექტი სიმინდის, ფეტვისა და სორგოს მოსავლებისთვის შედარებით მცირეა, თუ არ ჩავთვლით გვალვის პერიოდებს.
მეორე ეფექტი, რომელი კლიმატური ცვლილებების ჭრილში მოიაზრება, არის ტემპერატურის მაღალი დონე, რომელიც მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მოსავლიანობის ზრდას, დანარჩენ ნაწილში კი კლებას იწვევს, ეს ასევე დამოკიდებულია თავად მოსავლის ტიპზე.
მესამე ფაქტორი კი არის წყლის ხელმისაწვდომობა. კლიმატური ცვლილებების ფონზე, მნიშვნელოვნად იკლებს რიგ რეგიონებში წყლის ხელმისაწვდომობა, დანარჩენ შემთხვევებში კი შესაძლოა ჭარბი რაოდენობით იყოს წყალი და წარმოდგენილი იყოს, თუნდაც, წყალდიდობებისა და სტიქიური უბედურებების სახით. ორივე შემთხვევა, ცხადია, პირდაპირ გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე.
ექსტრემალური მოვლენები საფრთხეს უქმნის არამარტო მოსავლიანობის შემცირებას, არამედ წარმოებას და ზოგადად, კვებითი სისტემის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.
კლიმატის ცვლილების გავლენა მოსავლიანობაზე დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე: მოსავლის ტიპზე, რამდენად იმატებს ან იკლებს ტემპერატურა, მსოფლიოს რომელ ნაწილში ვცხოვრობთ და რას ვაკეთებთ გარემოსთან ადაპტაციისთვის.
მკვლევრებმა განიხილეს ორი შემთხვევა, ერთი როცა ტემპერატურა 2°C-ის ფარგლებში იზრდება და მეორე როცა მატება 3-5°C-ის ფარგლებშია. განხილულია ძირითად მარცვლეული, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის კალორიების მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენს.
მაგალითისთვის, გამოთვლების მიხედვით, საუკეთესო შემთხვევაში (2 გრადუსზე ნაკლები) სიმინდის მოსავლიანობა 6.4%-ით, ხოლო ყველაზე ცუდ შემთხვევაში (3-5 გრადუსი) მოსავლიანობა 24%-ით შემცირდება.
ამავე სცენარის მიხედვით, ტემპერატურის მატება დადებითად აისახება ხორბალზე. მაგალითად 2°C-ზე ნაკლებით ტემპერატურის მომატების შემთხვევაში მოსავალი 9%-ით გაიზრდება, 3-5 გრადუსის ფარგლებში კი მოსალოდნელია მოსავლის 18%-ით ზრდა.
ტემპერატურის მატება დადებითად აისახება ბრინჯის გლობალურ მოსავლიანობაზეც. კერძოდ, ბრინჯის მოსავალი ტემპერატურის 2-გრადუსიანი მატების შემთხვევაში 3%-ით გაიზრდება, 3-5 გრადუსის შემთხვევაში კი 2%-ით.
რაც შეეხება სოიოს, მაჩვენებლები მერყევია. ტემპერატურის მაქსიმუმ 2°C-ით მატების შემთხვევაში მოსავალი 2%-ით გაიზრდება, უფრო მაღალი მატების შემთხვევაში კი 2%-ით შემცირდება.
მიუხედავად გლობალურ დონზე არსებული ზოგადი ფონისა, ცვლილებების გავლენა რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება. კერძოდ, კვლევის თანახმად, მაღალ განედში მდებარე ან ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნები, სავარაუდოდ, ნაკლებად მძიმე შედეგებს იხილავენ და რიგ შემთხვევებში შესაძლოა, მოსავლიანობაზე კლიმატური ცვლილებების ეფექტი დადებითიც კი იყოს.
ეს კი მაშინ როცა ტროპიკებსა და სუბტროპიკებში ფერმერები მოსავლიანობის ყველაზე მეტად შემცირებას უნდა ელოდნენ. მკვლევართა აზრით, ტროპიკებში ბევრი კულტურა მოსავლიანობის ზრდის „ოპტიმალურ“ ტემპერატურასთან უკვე ძალიან ახლოსაა.
ამასთანავე, მოსალოდნელია მოსავლიანობის შემცირება ეკვატორისა და ტროპიკების ირგვლივ. ამ ტერიტორიებზე უმეტესად მოჰყავთ სიმინდის მოსავალი. ტერიტორიაზე, სადაც სიმინდის მოსავლიანობა არ შემცირება არის სკანდინავია, კანადა და რუსეთის. თუმცა ეს ის რეგიონებია, სადაც დღეს სიმინდს მცირე რაოდენობით აწარმოებენ. სიმინდის მოსავლის უდიდესი ნაწილი ამერიკაში, ჩინეთსა და სუბ-საჰარის აფრიკაში მოდის, აქ კი მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ვარდნა (20-25%-ის ფარგლებში).
ხორბლის წარმოება შესაძლოა, გაიზარდოს ჩრდილოეთ ინდოეთში, მაგრამ შემცირდეს სამხრეთით. სოიოსა და ბრინჯის მოსავლიანობაზე კი გავლენა მცირე იქნება. სოიოს წარმოება შესაძლოა, შემცირდეს შეერთებულ შტატებში, თუმცა ეფექტი სამხრეთ შტატებში შედარებით ნაკლები იქნება.
მოსავლიანობის ზრდა/შემცირება და რესურსების ხელმისაწვდომობამ მომავალში სასურსათო დაუცველობას უფრო მეტად გაზრდის. მაგალითად, ხორბალი, ბრინჯი, სოიო, სიმინდი, ფეტვი და სორგო ის კულტურებია, რომელიც მსოფლიოს მრავალი ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის ძირითადი საარსებო საკვებია. საზოგადოების ეს ნაწილი მოსავლიანობის ზრდა/შემცირებით ყველაზე მეტად დაზარალდება.
მაგალითისთვის, FAO-ს მონაცემების მიხედვით, წელიწადში 1 სულ მოსახლეზე სიმინდის მიწოდება ყველაზე მაღალია სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში და 60 კგ-დან იწყება და 170 კმ-მდე ადის. ფეტვის მიწოდება ყველაზე მაღალია ნიგერიაში, მალისა და ჩადიში, იწყება 40 კგ-დან წელიწადში და 160 კგ-ს აღწევს. მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები სიმინდსა და ფეტვს ნაკლებად მოიხმარენ, შესაბამისად, მკვლევრები ელიან, რომ მოსავლიანობის არათანაბარი პროგნოზები ყველაზე დიდი გავლენას სწორედ აფრიკის სახელმწიფოებზე მოახდენს.
გარდა ამისა, ეს ის ქვეყნები, სადაც შიმშილის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია (აფრიკის ქვეყნები), ზოგადი მოსავლიანობა და ნაყოფიერი მიწები ყველაზე დაბალია. მიუხედავად ამისა, აფრიკის ქვეყნების მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია ჩართული და მათი მთავარი შემოსავლის წყაროც აქედან მოდის. ეს აჩვენებს, რომ გამოწვევები შეიქმნება არამარტო სასურსათო უსაფრთხოების კუთხითაც, არამედ სიღარიბის გაღრმავების მიმართულებითაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ კლიმატის ცვლილებები არ ახდენს გავლენას მოსავლიანობის შემცირებაზე. მაგალითისთვის, ბოლო ათწლეულებში მოსავლიანობა კლიმატის ცვლილების ეფექტის გარეშე 5%-ით მაინც შემცირდა. ამ ვითარებაში შესაძლებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც ფერმერთა შრომას უფრო შედეგიანს გახდის.
მკვლევართ ანალიზით, მაგალითად კენიაში ფერმერს ჰექტარზე დაახლოებით 1.4 ტონა სიმინდი მოჰყავს, თანამედროვე ტექნოლოგიების, პესტიციდებისა და სასუქების მიწოდების შემთხვევაში კი ამავე ტერიტორიაზე 4.2 ტონა სიმინდის მიღება იყო შესაძლებელი.
კლიმატის ცვლილებების პარალელურად, მოსავლიანობის შესანარჩუნებლად ან/და გასაზრდელად მნიშვნელოვანია საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გამოყენება. აღნიშნული მოითხოვს დიდი მოცულობის ინვესტიციას.
ფოტო შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ