საბერძნეთში გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ ხმა ”არას” მისცა

რეფერნდუმის მონაწილეთა 61,3 პროცენტი საბერძნეთის მიერ კრედიტორების მოთხოვნის შესრულების წინააღმდეგია

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინდელ რეფერენდუმში მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია, საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს, 38,7 პროცენტი კი, ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა. ამასთან, როგორც უცხოური მედია წერს, საბერძენთის შს სამინისტრომ ასეთი მონაცემები ყველა ბიულეტენის დათვლის საფუძველზე გამოაცხადა.

ბერძენ ამომრჩეველს 5 ივლისის რეფერენდუმზე უნდა გადაეწყვიტა, დაუჭერდა თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვდნენ. ევროზონის ლიდერების პოზიციაა, ათენმა გადასახადები გაზარდოს და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ევროზონის წინადადებას დათანხმდებოდა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი თანამდებობის დატოვებით იმუქრებოდა. თავის მხრივ, ევროპელი ლიდერები აცხადებდნენ, რომ თუ 5 ივლისის რეფერენდუმზე ბერძენი ამომრჩეველი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.