პირობა გაწევრიანებისთვის - ევროკავშირი მონტენეგროსგან რუსეთთან ვიზების შემოღებას ითხოვს

მონტენეგრო რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღებას აპირებს, რომ თავისი სავიზო პოლიტიკა შენგენის ზონის წესებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

ინფორმაციას პორტალი, Dan სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ წყაროების ცნობით, ეს შესაძლოა, უახლოეს მომავალში მოხდეს და ხელისუფლება ევროკავშირის ოფიციალურ მოთხოვნას ელოდება, რადგან მონტენეგრო კავშირში გაწევრიანების კანდიდატია. ამ კურსის ფარგლებში, ასევე, საჭირო გახდება სავიზო რეჟიმის შემოღება ინდოეთისთვის, ირანისთვის, ჩინეთისთვის, პაკისტანისთვის და თურქეთისთვის. თუმცა უკრაინასთან ომის გამო რუსეთი იმ ქვეყნების სიის სათავეშია, რომლის მოქალაქეებსაც მონტენეგროში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა უნდა შეეზღუდოთ.

შენგენის ზონასთან სავიზო პოლიტიკის სინქრონიზაცია მონტენეგროს ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების გზაზე აუცილებელი პირობაა. წყაროები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება შესაძლოა, ცალკეული ქვეყნებისთვის კონკრეტული შეთანხმების მიღწევას ცდილობდეს, თუმცა მცირეა იმის შანსი, რომ ევროკავშირი გამონაკლისს დათანხმდეს.

ევროკავშირი, ასევე, ხაზგასმით აცხადებს, რომ სავიზო პოლიტიკის ჰარმონიზაცია ერთ-ერთი პირობაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის 6 მლრდ ევროს მისაღებად, რომელსაც ევროკომისია მათ განვითარების გეგმის ფარგლებში დაჰპირდა.

ცნობისთვის: 2023 წელს მონტენეგროს 246 ათასი რუსი ეწვია. ისინი იქ, საშუალოდ, 15 დღე რჩებოდნენ და ღამისთევის მთლიან ჯავშნებში, რამაც 3,7 მლნ შეადგინა, რეკორდსმენები გახდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მონტენეგროში სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვით რუსეთის 26 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს, რომელთაგან 1,146 პირს ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ნებართვა აქვს მიღებული. 2023 წელს მონტენეგროს ბიუჯეტში რუსებისა და უკრაინელების შენატანმა დღგ-ს სახით 163 მლნ ევროს მიაღწია, რაც სამთავრობო შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

მონტენეგროსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაუარესდა. 2022 წლის სექტემბერში ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს, თითქმის, მთელი დიპლომატიური პერსონალი გააძევეს. რუსეთმა საპირისპირო პასუხი გასცა. შედეგად, ორივე ქვეყანაში მხოლოდ ელჩები და ტექნიკური პერსონალი დარჩა. ამასთან, მოსკოვმა მონტენეგროს მაშინდელი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, რანკო კრივოკაპიჩი და რაშკო კონევიჩი, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი დირექტორი, სავო კენტერე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ