გურჯაანის მუნიციპალიტეტმა სივრცითი დაგეგმარებისა და განაშენიანების გეგმა უკვე დაამტკიცა. დოკუმენტში საუბარია არაერთ მიმართულებაზე, მათ შორის სატრანსპორტო გამოწვევებზე. მაგალითად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ექსკლუზიურ საქალაქთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებს მხოლოდ თელავის აეროპორტი, ხოლო კახეთის ჩიხური რკინიგზა თითქმის უმოქმედოა“.
„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმისა, შესახებ, რომ დოკუმენტის მიხედვით გურჯაანს აქვს პოტენციალი იქცეს „სატრანსპორტო ჰაბად“.
აქცენტი გაკეთებულია ბელაქანი-ზაქათალას მიმართულების საავტომობილო გზასა და მის შეზღუდულ სატრანსპორტო შესაძლებლობებზე, რაც ეკონომიკურ სარგებელს ამცირებს და წარმოდგენილია ხედვა, თუ როგორც უნდა მოხდეს მარშრუტის ათვისება.
„საქართველოს განსახლების ცენტრალური ღერძი, სივრცითი კარკასი-1, წარმოადგენს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კავშირს, რომლის მნიშვნელობა შინაარსითა და დატვირთვით განუხრელად ივსება და ვითარდება.
კავშირის მოსარგებლეთა შორის გამორჩეულია ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი - TRACECA, რომელიც 14 ქვეყანას (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი, მოლდოვა, უკრაინა, მონღოლეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი) აერთიანებს. TRACECA-ს მნიშვნელობა ბევრად სცილდება ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა საზღვრებს.
„ტრასეკა“, განვითარების დღევანდელ ეტაპზე, არა მხოლოდ ევროპაკავკასია-აზიის დამაკავშირებელ მრავალფუნქციურ დერეფნად გადაიქცა. TRACECA-ს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია მისი მიერთება ჩინეთი-ცენტრალური აზია - დასავლეთ აზიის დერეფანთან, რომელიც ჩინეთს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან და შემდეგ ევროპასთან დააკავშირებს.
ამჟამად, TRACECA-ს კავშირი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, დედაქალაქის აგლომერაციის გავლით, „წითელი ხიდის“ გავლით ხორციელდება და გვერდს უვლის კახეთის გეგმარებით რეგიონს. მიმდინარე გეოპოლიტიკურმა რეალიებმა TRACECA-ს მეტი დამატებითი დატვირთვა შესძინა ახალი - „შუა დერეფნის“ სახით.
ამ მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადის მოსალოდნელი ზრდის კვალდაკვალ, „წითელი ხიდიდან“ მომავალ ძირითად მაგისტრალთან ერთად, დამატებით შინაარსს შეიძენს აზერბაიჯანის M5 მაგისტრალი. აღმოსავლეთიდან მომავალი სატვირთო ნაკადების მკვეთრი მატების შედეგად აზერბაიჯანის ძირითადი საერთაშორისო მაგისტრალის (E60) გადატვირთვა გამოიწვევს ტვირთების გარკვეული რაოდენობის გადანაცვლებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზევე პარალელურად გამავალ M5 მაგისტრალზე, რომელიც საქართველოში ბელაქანი-ზაქათალას მიმართულებიდან შემოდის და ბაკურციხეზე გავლით თბილისს უერთდება.
ალტერნატივის სახით შესაძლებელია გამოვიყენოთ კახეთის ქალაქების მიმართ გურჯაანის საკვანძო სატრანსპორტო მდებარეობა და ბელაქანი-ზაქათალიდან ბაკურციხემდე მიმავალი გზა გურჯაანზე გავატაროთ. რითაც მნიშვნელოვნად გავზრდით თავად გურჯაანის ეკონომიკურ და სტრატეგიულ შესაძლებლობებს (ისეც სათქმელია, რომ ეს გზა მცირედით მოკლეც კია გზის პირველ ვერსიაზე).
ამასთან, აღნიშნული მაგისტრალის ტრანსნაციონალური სტატუსი მოხსნის განსახლების ცენტრალურ ღერძთან (სივრცითი კარკასი-1) კახეთის გეგმარებითი რეგიონის ჩიხურ მდებარეობას და მნიშვნელოვნად წაადგება, როგორც ქალაქ გურჯაანის, ისე გურჯაანის მუნიციპალიტეტისა და კახეთის მხარის ჩართულობას საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობაში. ხელს შეუწყობს აგრობიზნესსა და ფერმერულ მეურნეობაზე დაფუძნებული მსუბუქი მრეწველობის ინდუსტრიის - სასოფლო-სამეურნეო ეკო და ბიოპროდუქტების წარმოების განვითარებას“, - აღნიშნულია გურჯაანის სივრცითი დაგეგმარებისა და განაშენიანების გეგმაში.