ჩინეთმა სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, პერუში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი ააშენა და გახსნა, რომლის ცერემონიასაც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში დიპლომატიური ვიზიტით მყოფი ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი პირადად დაესწრო.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პორტი კონტინენტისთვის ჩინური საქონლის მიწოდებისა და ჩინეთში რესურსების იმპორტის მთავარი ცენტრი გახდება.
ჩანკაის პორტი პერუს დედაქალაქ ლიმადან 80 კილომეტრში მდებარეობს. ამ დროისთვის ჩინეთმა პროექტში 1,3 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რასაც 3,5 მლრდ დოლარამდე გაზრდის. პორტის 60%-ს ჩინეთის სახელმწიფო კომპანია, Cosco Shipping Ports, ხოლო 40%-ს პერუს კომპანია, Volcan Compañía Minera ფლობს. პერუს კონგრესმა სპეციალური კანონიც კი მიიღო, რომელიც Cosco-ს პორტით სარგებლობის ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს.
საწყის ეტაპზე პორტი წელიწადში, დაახლოებით, მილიონ კონტეინერს დაამუშავებს. პროგნოზების მიხედვით, პორტი წელიწადში, დაახლოებით, 4,5 მლრდ დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს და 8,000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.
პორტის გახსნა პერუდან ჩინეთში საზღვაო მარშრუტს 40-დან 23 დღემდე ამცირებს. ჩინეთი ასევე, 3,5 მლრდ დოლარად პერუს პორტიდან ბრაზილიამდე სარკინიგზო ქსელის აშენებას გეგმავს.
ცნობისთვის: ჩინეთი პერუში ინვესტიციებს აქტიურად 2009 წლიდან ეწევა, როცა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა. ამ დროის განმავლობაში ჩინურმა კომპანიებმა პერუში სამთომომპოვებელ და ენერგეტიკულ პროექტებში, დაახლოებით, 24 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ