ყაზახეთმა და ჩინეთმა საქართველოს გავლით გადაზიდვების გასაზრდელად საკონტეინერო ჰაბის მშენებლობა დაიწყეს

ყაზახეთმა და ჩინეთმა კასპიის ზღვის სანაპიროზე საკონტეინერო ჰაბის მშენებლობა დაიწყეს.

ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში წერია, რასაც Report ავრცელებს.

პროექტის რეალიზება ყაზახეთის სამხრეთ-დასავლეთ მანგისთაუსის ოლქში მიმდინარეობს. ის აქტაუს პორტის გამტარუნარიანობას 240 ათას TEU-მდე (ოცფუტიან ეკვივალენტურ ერთეულამდე) გაზრდის.

ამჟამად მიწის განაშენიანების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე 20 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა მუშაობს.

სამუშაოების დასრულება 2025 წლის შუა რიცხვებში იგეგმება.

სამინისტროს ცნობით, „ეს პროექტი საერთაშორისო ლოგისტიკურ სისტემაში ქვეყნის პოზიციებს გაზრდის და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის პოტენციალს გააფართოებს.

“ჰაბის რეალიზება აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გამავალ ტრანსკასპიური მარშრუტის მიმართულებით კონტეინერების ტრანსპორტირებას გაზრდის, ასევე, ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი სატრანზიტო ტვირთის ნაწილის გადამისამართებას უზრუნველყოფს,“ - წერია უწყების განცხადებაში.

ცნობისათვის, საზღვაო პორტებით კონტეინერების გადაზიდვის მაჩვენებელი 84%-ით გაიზარდა და 58 ათასი TEU შეადგინა, ხოლო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით საკონტეინერო გადაზიდვები 2,7-ჯერ გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ