დაგეგმილია 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია, გურამიშვილის მეტროს რეაბილიტაცია კი პრიორიტეტულია - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა გიორგი შარკოვმა განაცხადა.
როგორც შარკოვმა აღნიშნა, მიმდინარეობს წინასწარი დიზაინისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება. მისი თქმით, ტენდერი, დიდი ალბათობით, 2025 წლის ბოლომდე გამოცხადდება და სამუშაოები 5 წელზე იქნება გათვლილი.
„პროექტის მიხედვით, დაგეგმილია მინიმუმ 12 სადგურის რეაბილიტაციას. ახლა ხორციელდება წინასწარი დიზაინისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის კომპანიის შერჩევა. მას შემდეგ, რაც შეირჩევა ეს კომპანია, ის მოამზადებს სამშენებლო და დეტალური დიზაინის საპროექტო დოკუმენტაციას. შემდეგ უკვე გამოცხადდება სამშენებლო და საპროექტო ნაწილში ტენდერი, სავარაუდოდ, შემდეგი წლის ბოლოსთვის და ეს პროექტიც არის რამდენიმე წელზე გათლილი, ალბათ, 5-წლიანი პროექტი იქნება.
12 სადგურიდან პრიორიტეტში არის გურამიშვილის მეტროსადგური, შემდეგ სადგურის მოედანი-1 და სადგურის მოედანი-2 და საჭიროებიდან გამომდინარე, დალაგებულია პრიორიტეტები, რომელი სადგური, როდის გაკეთდება - პირველი პრიორიტეტი არის გურამიშვილი“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.
იხილეთ ასევე: „მომდევნო წლებში დაგეგმილია 12 სადგურის განახლება“ - იგეგმება თუ არა „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია