საქართველოს მოქალაქეების სამუშაო ძალა შემცირდა, 10 წელიწადში 200 ათასი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, ისინი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ჩაანაცვლეს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა, გოგა თუშურაშვილმა განაცხადა.
საქართველოში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 13.7%-მდე შემცირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში სამუშაო ძალა 1.6 მილიონს აღემატებოდა, დასაქმებულთა რაოდენობა 1.38 მილიონზე მეტი იყო, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი 935.8 ათასს შეადგენდა. ამავე პერიოდში 451.5 ათასი პირი იყო თვითდასაქმებული, 219.7 ათასი ადამიანი კი უმუშევრად მიიჩნეოდა.
ცნობისთვის, უმუშევრად ითვლება 15 წელზე მეტი ასაკის პირი, ვინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეძებს სამსახურს. შესაბამისად, უმუშევრობის 13.7%-იანი მაჩვენებელი არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ ეს ნაწილია სამსახურის გარეშე.
რაც არ უნდა იყოს, რიცხვები აჩვენებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა მცირდება, თუმცა, რიცხვებს მიღმა თუ გავიხედავთ და განვიხილავთ რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობა, განსხვავებულ სურათს მივიღებთ.
თუშურაშვილის თქმით, უმუშევრობის შემცირებაზე გავლენა იქონია საჯარო სექტორში დასაქმებულების ზრდამ. მისი თქმით, ბოლო 10 წელში საჯარო სექტორში დასაქმებულების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა. ეს კი მაშინ, როცა კერძო სექტორში (რომელიც ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი რგოლია) დასაქმების ზრდამ მხოლოდ 2% შეადგინა.
„მმართველი პარტია ხშირად უსვამს ხაზს იმას, რომ გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე უმუშევრობის მაჩვენებელი, რიცხვებს თუ გადავხედავთ, მართლაც ასეა, ყველაზე მეტად არის რიცხვებში შემცირებული უმუშევრობის დონე. თუმცა, უფრო სიღრმეში თუ ჩავალთ, ვხედავთ, რომ ბოლო 10 წელში, 24%-ით არის გაზრდილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა მხოლოდ 2%-ით მოხდა“, - აღნიშნავს თუშურაშვილი.
არაერთხელ ყოფილა საუბარი იმის შესახებაც, რომ მაჩვენებლების შემცირებაზე გავლენა მოახდინა ემიგრაციის ზრდამ. თუშურაშვილის თქმით, ბოლო ათ წელში საქართველო 200 ათასმა სამუშაო ძალამ დატოვა, მათი წილი კი უცხო ქვეყნის, განსაკუთრებით კი რუსეთის მოქალაქეებმა ჩაანაცვლეს.
„უმუშევრობის შემცირებაზე ასევე გარკვეული გავლენა იქონია საქართველოს მოქალაქეების სამუშაო ძალის შემცირებამაც, სამუშაო ძალაში იგულისხმება 15 წელს და ზემოთ შრომისუნარიანი მოქალაქეები, რომლებიც ეძებენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამუშაოს. სამუშაო ძალის შემცირების კუთხით ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იყო მიგრაციის ტემპი.
ჩვენ რომ ჩავატარეთ კვლევა, ვნახეთ, რომ საქართველოს მოქალაქეების პოტენციური სამუშაო ძალა 10 წელში დაახლოებით 200 ათასზე მეტით შემცირდა. ამ რაოდენობის 15 წელს ზემოთ მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ეს დააბალანსა გარკვეულწილად უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, მათი რაოდენობაც დაახლოებით 200 ათასამდე იყო. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ძირითადად ჩამოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები, აქ საცხოვრებლად 70 ათასი დარჩა“, - აღნიშნავს რესპონდენტი.
მისივე თქმით, საქართველოში რუსეთი-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 30 ათასამდე რუსული კომპანია დააარსეს, მათი ნაწილი რეგისტრირებულია როგორც ინდ. მეწარმე, შესაბამისად, ამანაც განაპირობა გარკვეული დოზით უმუშევრობის დონის შემცირება.
„მივიღეთ ასეთი მდგომარეობა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელიც ეძებენ სამუშაოს და ვერ პოულობს შესაფერის სამსახურს, ტოვებს ქვეყანას და მათ ანაცვლებს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა ნაწილიც ეძებს სამუშაოს, ნაწილს კი კომპანიები აქვს. მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებმა 30 ათასზე მეტი კომპანია დაარეგისტრირეს საქართველოში, მათ შორის არიან ინდ. მეწარმეებიც და ეს თავისთავად გავლენას ახდენს უმუშევრობის მაჩვენებლებზე“, - განაცხადა გოგა თუშურაშვილმა.