შვედეთი, ფინეთი და გერმანია ბალტიის ზღვაში საკომუნიკაციო სადენების დაზიანების ფაქტებს იძიებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენი დაზიანდა, მათგან ერთი შვედეთსა და ლიეტუვას, ხოლო მეორე ფინეთსა და გერმანიას აკავშირებს.
შვედეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ შემთხვევას შესაბამისი ორგანოები იძიებენ.
„მთავრობა მოვლენებს აკვირდება. აუცილებელია გაირკვეს, რატომ შეწყვიტა ერთდროულად ორმა სადენმა ბალტიის ზღვაში მუშაობა“, - განაცხადა შვედეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, კარლ-ოსკარ ბოლინმა.
მომხდართან დაკავშირებით ფინეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ საქმე შესაძლოა „ჰიბრიდულ ომს“ ეხებოდეს.
„ის ფაქტი, რომ ასეთი ინციდენტი მაშინვე წინასწარგანზრახული ზიანის მიყენების შესახებ აჩენს ეჭვს, ჩვენი დროის არასტაბილურ ბუნებაზე მეტყველებს. საფუძვლიანი გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენი ევროპული უსაფრთხოება საფრთხეშია არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გამო, არამედ მავნე აქტორების მხრიდან ჰიბრიდული ომის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.