დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია „თანამდებობას“ ტოვებს, რასაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს.
ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფხაზურ Telegram-არხებსა და სოციალურ ქსელში ქვეყნდება ბჟანიას ქონების სია, რომელიც მას დეკლარირებული არ აქვს. კერძოდ, ის არის სასტუმროს მფლობელი სოხუმის მაიაკის რაიონში. ასევე, ფლობს 25 მლნ რუბლის (250,3 ათასი დოლარის) ღირებულების დაჯავშნულ SUV-ს, ანუ ყველგანმავალ Toyota Land Cruiser 300-სა და 18 მილიონ რუბლის (180,2 ათასი დოლარის) Lexus 570-ს. ამასთან, ქვეყნდება ინფორმაცია მისი 12 მლნ რუბლის (120,1 ათასი დოლარის) ღირებულების სუპერჯეტზე.
რაც შეეხება დეკლარირებულ ქონებას, ბჟანიას ავტომობილებიდან დეკლარაციაში შესულია მხოლოდ Mersedes Benz S600. ასევე, 2014 წელს, როცა დე ფაქტო უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ბჟანიას დეკლარირებული აქვს კიდევ ერთი დაჯავშნული ავტომობილი, Chevrolet Suburban პარაბოლური ანტენით, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ სამი არსებობდა. აქედან ორი აშშ-ის პრეზიდენტებს ეკუთვნოდა, ხოლო მესამე ბჟანიამ გადაყიდვის სისტემით შეიძინა.
ასევე, დეკლარირებულია 105 კვ.მ-ის სახლი აფხაზეთში და სამი ბინა რუსეთში, რომელთა ფართობიც 35.9 კვ.მ-ს, 106.7 კვ.მ-სა და 86.3 კვ.მ-ს შეადგენს.
2020 წლის 22 მარტის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბჟანიას მიერ წარდგენილ დეკლარაციაში მოხსენიებულია სოჭის ბინა, იმავე ქალაქის დასახლება „კრასნაია პოლიანაში“ 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მოსკოვის ოლქის ისტრინსკის რაიონში მდებარე 2,640 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი და 2 ბინა სოხუმში. გარდა ამისა, ბჟანია სოხუმში 6 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთის მფლობელიცაა.
რაც შეეხება სოხუმის სასტუმროს, მისი მშენებლობა 2007 წლიდან დაიწყო და 2014 წელს დასრულდა. ის, კონკრეტულად, დე ფაქტო პრეზიდენტის ვაჟს, მაქსიმ ბჟანიას ეკუთვნის.
ამასთან, 2020 წლის დეკლარიაციის მიხედვით, ბჟანიას ოჯახის წევრები „იუგ-ინვესტბანკის“ ფასიან ქალალდებს ფლობენ, რომლის საწესდებო კაპიტალიც მაშინ 1 მლნ რუბლს (10 000 დოლარს) შეადგენდა.
იხილეთ ასევე: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „თანამდებობას“ ტოვებს
მოამზადა ლადო სულაბერიძემ