საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგებს ევროზონის ლიდერები ეხმაურებიან

საბერძნეთში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ევროზონის ლიდერები ეხმაურებიან. "ბიბისის" ცნობით, ევროჯგუფის ხელმძღვანელის, იერუნ დეისელბლუმის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგები საბერძნეთის მომავლისთვის "სამწუხაროა". ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა კი განაცხადა, რომ ევროპაში ძალიან რთული და დრამატული პერიოდი დაიწყება, თუ საბერძნეთის მთავრობა "გააზრებულ" გადაწყვეტილებებს მალე არ მიიღებს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაოლო ჯენტილონის თქმით, "ახლა კარგი დროა იმისათვის, რომ შეთახმების მიღწევა კიდევ ვცადოთ. თუმცა, ბერძნული ლაბირინთიდან გამოსავალი არ არსებობს". რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიც. "მტკივნეული დღეებია მათთვის, ვისაც სჯერა ერთიანი ევროპის", – დაწერა მან "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

თუმცა, არიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც ბერძენი ხალხის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მათ შორის არის დიდი ბრიტანეთის ევროსკეპტიკური პარტიის ლიდერი, ნაიჯელ ფარაჟიც. "ევროკავშირის პროექტი კვდება. ფანტასტიკურია ბერძენი ხალხის სიმამაცის ნახვა ბრიუსელის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური დამცირების პირისპირ", - განაცხადა ფარაჟმა.

ესპანეთის მემარცხენე, ანტიკორუფციული პარტიის ლიდერის, პაბლო იგლესიასის თქმით კი, გუშინ "საბერძნეთში დემოკრატიამ გაიმარჯვა".

საბერძნეთში რეფერენდუმი 5 ივლისს გაიმართა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას. საბერძნეთში საყოველთაო გამოკითხვები ქვეყნის პრემიერმა, ალექსის ციპრასმა მას შემდეგ დანიშნა, რაც მთავრობამ ევროზონის ლიდერებთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო.