რუსეთში ალკოჰოლის საცალო გაყიდვებმა 2017 წლიდან დაწყებული ოფიციალური სტატისტიკის ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია.
ამის შესახებ Rosalkogoltabakregulirovaniya-ს (RATK) მონაცემებში წერია, რასაც RBC ავრცელებს.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით რუსებმა 184,2 მლნ დეცილიტრი (1dl=10 ლიტრს) ალკოჰოლური სასმელი შეიძინეს, რაც, წინა წელთან შედარებით, 0,8%-ით, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია.
რეკორდული მაჩვენებელი არყის გაყიდვებმა დააფიქსირა. სულ რაღაც ათ თვეში ამ სასმლის 62,5 მლნ დეცილიტრი გაიყიდა, რაც 2017 წელს დაფიქსირებულ 54,2 მლნ დეცილიტრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ეს მოცულობა ოდნავ მეტია 2022 წლის იმავე პერიოდში გაყიდული არყის რაოდენობაზე.
რეკორდი, ასევე, წყნარი და ცქრიალა ღვინოების გაყიდვებმაც დაამყარა. ათ თვეში საცალო ვაჭრობაში 46,9 მლნ დეცილიტრი წყნარი ღვინო გაიყიდა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 0,9%-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 22,5%-ით მეტია. ცქრიალა ღვინის გაყიდვები მიმდინარე წლის ათი თვეში 16,3 მლნ დეცილიტრამდე გაიზარდა, რაც წინა წელზე 10,9%-ით, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მეტია.
ამასთან, რუსებმა ლიქიორის ტიპის სასმელების (ნაყენების, ლიქიორების, ბალზამების) და სხვა ძლიერი ალკოჰოლის (ვისკის, რომის, ჯინის, კალვადოსის) შესყიდვები გაზარდეს. კერძოდ, წლის დასაწყისიდან ლიქიორის გაყიდვებმა 13.2 მლნ დეცილიტრი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 16.6%-ით მეტია, ხოლო ძლიერი ალკოჰოლის გაყიდვები 15.7%-ით, 11.3 მლნ დეცილიტრამდე გაიზარდა.
ცნობისთვის: ალკოჰოლის ფედერალური და რეგიონული ბაზრების კვლევის ცენტრის მონაცემებით, 2016 წლიდან რუსეთში არყის მოხმარება სტაბილური რჩებოდა, თუმცა 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, არყის გაყიდვებმა რეკორდულ დონეს მიაღწია, რაც კრიზისის პერიოდებისთვის დამახასიათებელია. ცენტრის პროგნოზით, რუსეთში ალკოჰოლის მოხმარების ზრდა, სულ მცირე, უკრაინის ომის დასრულებამდე და გარკვეული პერიოდით ომის შემდეგაც გაგრძელდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ