„ადამიანები, რომლებსაც შეეშინდათ და დოლარი იყიდეს, დარწმუნდებიან, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ისევ გაყიდიან“

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა და რეზერვების დაგროვება ყოველთვის არის ერთგვარი გამოწვევა - ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობის შემცირებას. როგორც დავით უტიაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, სებ-ი რეზერვებს ეტაპობრივად აღადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2-წლიან, სავალუტო რეზერვები კი ფაქტობრივად, 6-წლიან მინიმუმზეა. 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა 2.994 მლრდ დოლარს შეადგენს, ამაზე ნაკლები დოლარი ქვეყანას 2018 წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც ვალუტის მოცულობა 2.888 მლრდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მთლიან რეზერვებს, 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით 4.085 მლრდ დოლარს შეადგენს, ამაზე ნაკლები მოცულობის რეზერვი ქვეყანას ბოლოს 2022 წლის ნოემბერში ჰქონდა - 4.636 მლრდ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 627 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, რაც ერთთვიან ინტერვალში რეკორდული მაჩვენებელია. (სექტემბერი - 3.635 მლრდ დოლარი, ოქტომბერი - 2.994 მლრდ დოლარი). მთლიანად კი წლის განმავლობაში სავალუტო რეზერვებიც მოცულობა 1.671 მლრდ დოლარით შემცირდა (2023 წლის ოქტომბერი - 4.665 მლრდ დოლარი).

ოქტომბერში სავალუტო რეზერვების ასეთი მოცულობით კლების მთავარი მიზეზებია - ერთის მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ გასულ თვეს ჩატარებული ოთხი სავალუტო აუქციონი, რომლის დროსაც 213.4 მლნ დოლარის გაყიდა და მეორე - სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება. ამ უკანასკნელის შედეგები ცნობილი 25 ნოემბერს გახდება.

საერთაშორისო რეზერვების მოცულობაზე ანგარიში გამოაქვეყნა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მაც, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.

„ვეთანხმებით Fitch-ის შეფასებებს, რომ რეზერვები ერთ-ერთი კრიტიკული კომპონენტია და როცა ამისი საშუალება გვაქვს, ეროვნული ბანკი სულ ყიდულობს რეზერვებს და ასე იქნება ამჯერადაც. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა და რეზერვების დაგროვება ყოველთვის არის ერთგვარი გამოწვევა.

ამ ეტაპზე ჩვენი მოლოდინებია გზავნილებიდან, ტურიზმიდან, ექსპორტიდან, რომელიც საკმაოდ კარგ ნიშნულზეა. ასევე ადამიანებმა, რომლებსაც შეეშინდათ და დოლარი იყიდეს, დარწმუნდებიან, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ისევ გაყიდიან დოლარს. ნაწილობრივ თუ შევიძენთ და დავაკომპენსირებთ იმ ხარჯს, რაც გვქონდა ბოლო თვეებში, კარგი იქნება“, - აღნიშნა უტიაშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი